fbpx

ისევ ფრთხილად ვსუნთქავ, ერთი კარგი ამოსუნთქვა და ხველა მახრჩობს-თეონა ცხომელიძე

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან მორიგ პოსტს აქვეყნებს:

„ორი დღეა პლაქველინი აღარ მიმიღია, მარტო ინჰალაცია და სისხლის გამათხელებელი, რომელსაც საღამოობით მიკეთებენ. ყნოსვა და გემო ისევ არ მაქვს, მცდელობასაც გავეშვი, ყველა ექსპერიმენტი უშედეგოდ მთავრდება, ვერაფერს ვგრძნობ. მთელი ცხოვრების ოცნება ამიხდა – სულ ერთია რას ვჭამ, შესაბამისად არ გავსუქდები. კორონა რომ გაქვს და წონაზე ღელავ ე.ი. ყველაფერი არც ისე ცუდადაა.

ისევ ფრთხილად ვსუნთქავ, ერთი კარგი ამოსუნთქვა და ხველა მახრჩობს. როგორც ექიმმა ამიხსნა, ხველა ორგანიზმის დამცავი მექანიზმია და მის მკურნალობას ჯობია უბრალოდ გავუძლო, თუ რა თქმა უნდა, ძალიან არ ვიტანჯები. არ ვიტანჯები, შესაბამისად წამალს არ ვსვამ. ზურგი ისევ მტკივა, მტკივა კი არა, მკლავს. ფეხები ისე აღარ. გუშინ პირველი ღამე იყო გამაყუჩებლის გარეშე, მეძინათქო ხმამაღალი ნათქვამია ‘მივდი-მოვდიოდი. გამაყუჩებელი კოვიდ-9-სას რეკომენდირებული არ არის.

მე ხომ თითქოს მხნედ ვარ?! მაგრამ არ გეგონით, რომ ესაა კორონას ნამდვილი სახე. ნამდვილია რეანიმაცია, იქ ადამიანები გონზე ვერ მოჰყავთ და მიზეზი ზუსტად ის ინფექციაა, რაც ახლა ჩემა სხეულშია. ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ არაფერია, გაიკეთეთ პირბადე და დაიცავით წესები. რთული ხომ არაა? აქ გაძლებაა რთული.

Teona Tskhomelidze-ს ფოტო.

ჩვენი პალატის კარს ვუყურებ, წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ვაღებ და გავდივარ სამუდამოდ. მსუბუქი პაციენტი ვარ და როგორ დავიწუწუნო, მაგრამ ყველაზე მეტად ამ გამოკეტილობაზე მინდა წუწუნი.

ნინო ყოველ დღე ესაუბრება თავისი კლასტერისებს, რამდენიმე აუცილებელი ვიდეო ხიდი უნდა შედგეს კლინიკიდან და კარანტინიდან. ერთი მიყვარს განსაკუთრებით – ნანუკა, 17 წლის, მგონი ინფექციურშია. რომ დარეკავს, დიდი მხიარულებაა. გუშინ ვიდეოთვალით თავისი მედდა გვაჩვენა, უკიდურესად გადაფუთული, ჩვენი ლალი ეგრე ჩაცმული არ მოძრაობს. ნინო ეუბნება – მაგათ ისე აცვიათ, თქვენ მგონი მართლა კორონა გაქვთო – სართულს ესმოდა ჩვენი სიცილი.

მედდა ლალი მარტო აღარ არის, მედძმა დაემატა. კლინიკებზე ვსაუბრობდით, რომელი კარგია, რომელი ნაკლებად. ჩვენო, რეანიმაცია ყველაზე კარგი და გადასარევი გვაქვსო, შევთანხმდით რომ სიტყვაზე ვენდობით.

გუშინ ლალი შეუფუთავი დადიოდა დერეფანში და მივხვდი, რომ ერთი კვირის თავზე პირველად ვნახე როგორია. გრძელი თმა ჰქონია და მგონი, ჭორფლებიც. გვერდით პალატაში ბავშვს ეთამაშებოდა კარის შუშის მიღმა – შე, ხახვის ფოჩოო… ჩემი ხახვის ფოჩები მენატრებიან“, – წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2-ის“ ეთერში, 4 სექტემბერს, გადაცემაში ინფიცირებული თაკო ჩარკვიანი იმყოფებოდა, რომელსაც თეონა ცხომელიძესთან ჰქონდა შეხება.

ჟურნალისტს 11 სექტემბერს PCR ტესტით ვირუსი დაუდასტურდა. რის შემდეგად, ტელეკომპანიის ყველა იმ თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტი, რომლებსაც ცხომელიძესთან შეხება ჰქონდა, თუმცა მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ.

მედიკოსები „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს ყოველ 48 საათში PCR ტესტებს გაუკეთებენ. 


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares