fbpx

ირაკლი ჩიქოვანი ოპოზიციაზე: რადიკალიზმის ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო და მოღალატეობრივი გამოხატულებაა ის, რომ ისინი ყოველ დღე მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

ევროკომისიის რეკომენდაციების მიღების შემდეგ, 2022 წლის ივნისშივე, საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა კონკრეტული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა იმ რეკომენდაციების სწრაფ და ეფექტიან აღსრულებას, რომელიც მივიღეთ. ჩვენ ამ გეგმას მივყვებით და უკვე მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომელიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში იღებს მონაწილეობას.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებულია, ნაწილი კი, ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციის შემდეგ, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შესრულდება. მისივე თქმით, საქართველო ყველა რეკომენდაციას შეასრულებს დეპოლარიზაციის გარდა, ვინაიდან ამ პუნქტის შესრულებას რადიკალური ოპოზიცია უშლის ხელს.

„პრაქტიკულად, რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია. რამდენიმე რეკომენდაციაა, რაზეც ვენეციის კომისიასთან კომუნიკაცია გვაქვს და საგაზაფხულო სესიის ბოლომდე შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცე რწმენა მაქვს, რომ არ იქნება არც ერთი საკითხი, რაზეც საქართველოს მიმართ შეიძლება იყოს პრეტენზია, რომ რაღაც შესრულებული არ არის. საქართველო ყველა რეკომენდაციას შეასრულებს ერთის გარდა, რომელიც არის დეპოლარიზაცია. ფაქტია, რომ აქ მთავარ პრობლემას წარმოადგენს რადიკალური ოპოზიცია. რადიკალიზმის ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო და მოღალატეობრივი გამოხატულება არის ის, რომ ისინი ყოველ დღე მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან მათი მიზანია, ებრძოლონ ხელისუფლებას, მათ არანაირი სახელმწიფო ინტერესი არ ამოძრავებთ.“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო სესიაზე, მონაწილეები, ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მნიშვნელობა. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ამ მხრივ, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რომელმაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება უზრუნველყო.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელიც დღეს იწყება, მორიგი სამუშაო სესიაა. ძირითადი საკითხია ევროპის საბჭოს მაისის სამიტისთვის მზადება, რომელიც რეიკიავიკში გაიმართება. ეს არის მნიშვნელოვანი სამიტი, სადაც ორგანიზაციამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ გააგრძელებს მუშაობას, რა იქნება მისი მნიშვნელოვანი პრიორიტეტები და როგორ გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს ევროპის კონტინენტზე.

ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია გვაქვს. ევროპის საბჭოში ჩვენი წარმომადგენლობა აქტიურად მუშაობს ამ თემასთან მიმართებით. მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩვენს დელეგაციასაც რამდენიმე შეხვედრა ექნება და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. გარდა ამისა, სესიის ფარგლებში, საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი. გვექნება დებატები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციები. როგორც იცით, 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა რომელმაც უზრუნველყო, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები გათვალისწინებული ყოფილიყო ჩვენს სამართლებრივ სისტემაში.“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება