fbpx

ირაკლი კობახიძე – ჩვენ არც მაშინ ვეუბნებოდით საზოგადოებას ტყუილს, როდესაც პერსპექტივა იყო ბუნდოვანი და არც ახლა ვეუბნებით, როცა უკვე მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას სიმართლე

ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას სიმართლე, ფინანსური, ეკონომიკური კუთხით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტული ხელშესახები სარგებელი, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი და ჩვენ ეს გზავნილი გვაძლევს დამატებით სტიმულს იმისა, რომ მაქსიმალურად დიდი ენერგიით უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის საბოლოო ინტეგრაცია ევროკავშირში – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძალიან ბევრი ტყუილი ისმოდა იმის შესახებ, თუ რას მოიტანდა კანდიდატის სტატუსი, ეს დისკუსია განსაკუთრებით პირველ ეტაპზე იყო გაჯერებული სიცრუით.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ეუბნებოდნენ ხალხს, რომ კანდიდატის სტატუსი დაკავშირებული იყო ძალიან დიდ ფინანსურ სარგებელთან, ეკონომიკურ წინსვლასთან და ა.შ.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი იმასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. პირველ რიგში ეს ნიშნავს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნისკენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისკენ და არა მარტო, ჩვენს გარშემო ქვეყნებისკენ, სახელმწიფოებისკენ, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი.
თქვენ გახსოვთ, რომ სერიოზული დისკუსია წარიმართებოდა ამ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის ძალიან ბევრი ტყუილი ისმოდა იმის შესახებ, თუ რას მოიტანდა კანდიდატის სტატუსი. განსაკუთრებით პირველ ეტაპზე იყო გაჯერებული სიცრუით ეს დისკუსია.
კერძოდ, ჩვენი ოპონენტები, ოპოზიციის წარმომადგენლები ეუბნებოდნენ ხალხს, რომ კანდიდატის სტატუსი დაკავშირებული იყო ძალიან დიდ ფინანსურ სარგებელთან, ეკონომიკურ წინსვლასთან და ა.შ. სინამდვილეში ჩვენ თავიდანვე ვეუბნებოდით სიმართლეს საზოგადოებას და არ ვატყუებდით. არ ვეუბნებოდით, რომ იქნება დიდი ფინანსური სარგებელი, მილიარდობით ევრო, ამაზე იყო საუბარი, თუ არ ვცდები, ასახელებდნენ 17 მილიარდ ევროს. 17 მილიარდი ევრო ეს არის საერთო კალათი, რაც განკუთვნილია ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ამაში შედიან როგორც კანდიდატი ქვეყნები, ასევე ასოცირებიული ქვეყნებიც და მათ შორის, კანდიდატ ქვეყნებსა და ასოცირებულ ქვეყნებზე ერთიანი მიდგომით, პროპორციულად ნაწილდება ეს თანხები, არავითარი განსხვავება არ არის კანდიდატებსა და ასოცირებულ ქვეყნებს შორის. ანუ იყო უამრავი სიცრუე, რაც ვრცელდებოდა ჩვენი ოპონენტების მხრიდან – ფინანსური სარგებელი, ეკონომიკური სარგებელი, მილიარდობით ევრო და ა.შ. ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ჩვენ არც მაშინ ვეუბნებოდით საზოგადოებას ტყუილს, როდესაც პერსპექტივა იყო ბუნდოვანი და არც ახლა ვეუბნებით, როცა უკვე მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას სიმართლე. ფინანსური, ეკონომიკური კუთხით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტული ხელშესახები სარგებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი და ჩვენ ეს გზავნილი გვაძლევს დამატებით სტიმულს იმისა, რომ მაქსიმალურად დიდი ენერგიით უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის საბოლოო ინტეგრაცია ევროკავშირში. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინტეგრაციისკენ.
შეკითხვაზე, რა შინაარსის მატარებელია ეს გზავნილი, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამით ევროკავშირის ლიდერებმა დააფიქსირეს, რომ ისინი სერიოზულად უყურებენ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში.
„ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ჩვენი მხრიდან გზავნილი არის ის, რომ თანმიმდევრულად გაგრძელდება წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის მთავარი გზავნილი, რასაც მოიცავს თავის თავში კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება