fbpx

ირაკლი კობახიძე – ფასებთან დაკავშირებით მანიპულაციურად ქვეყნდებოდა გარკვეული ციფრები, სინამდვილეში 2012 წლიდან არის 66%-იანი ზრდა – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი, რადგან ჩვენ გამოვიარეთ 2 კრიზისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ფასებზე საუბრის დროს, აშკარაა “აქცენტების გადატანის მცდელობა”.

მისი თქმით, ოპოზიცია დღემდე თავს არიდებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან, იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მზადდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ.

თუმცა რაც შეეხება თავად ფასებს, მთავრობის მეთაურის განმარტებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომლის მიხედვითაც არის 66%-იანი ზრდა 2012 წლის შემდეგ.

„აქცენტების გადატანის მცდელობა აშკარად არის. რაც შეეხება ფასებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომლის მიხედვითაც, არის 66%-იანი ზრდა 2012 წლის შემდეგ. აქაც იყო მანიპულაციები, მანიპულაციურად ქვეყნდებოდა გარკვეული ციფრები, სინამდვილეში არის 66%-იანი ზრდა სამომხმარებლო ფასების ინდექსში, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი, თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს იმ მონაცემებს, რომლებიც არის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეზობელ ქვეყნებში და ა.შ. მე შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ 2 კრიზისი, ერთი იყო სავალუტო და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დაემთხვა უკრაინის პირველ ომს, ეს იყო 2015-2016 წლები, მაშინ იყო მათ შორის ინფლაციის, დევალვაციის მაღალი მაჩვენებელი და მეორე, ეს იყო კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი, როდესაც დაფიქსირდა ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არა მხოლოდ საქართველოში. ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ 66%-იანი მაჩვენებელი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში, კონტინენტზე და მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ეს მონაცემები, რომლებიც ქვეყნდება, თავისთავად, არის მანიპულაციური და შეგვიძლია კიდევ უფრო დეტალური პასუხი გავცეთ ამ სპეკულაციებს, რომელიც ვრცელდება.

ოპოზიცია დღემდე თავს არიდებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან, იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მზადდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. ეს არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება. საზოგადოება დააკვირდება ამ პროცესებს და ამის მიხედვით ჩამოიყალიბებს საკუთარ პოზიციას როგორც მმართველი პარტიის, ასევე, ოპოზიციური პარტიების მიერ“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება