fbpx

ირაკლი კობახიძე – როდესაც მძიმე დანაშაულებში ბრალდებული, მსჯავრდებული პირი თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში, უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში, ეს შემაშფოთებელია

როდესაც ასეთ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული, მსჯავრდებული პირი თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში, უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში, ეს არის შემაშფოთებელი და არ შეიძლებოდა, ჩვენ ეს ფაქტი დაგვეტოვებინა რეაგირების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, უმძიმეს დანაშაულებებში ბრალდებული ყოფილი იუსტიციის მინისტრისა და გენპროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ბრიუსელსა და ბერლინში ვიზიტები შეშფოთებას იწვევს.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, რომელმაც ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებთან შეხვედრები გამართა.

„ჩვენთვის შემაშფოთებელია ეს ვიზიტები და კიდევ ერთხელ მინდა ამასთან დაკავშირებით ჩემი პირადი პოზიცია გამოვხატო. ყველამ ვიცით, ვინ არის, ვინ იყო ზურაბ ადეიშვილი. ეს იყო რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, შემოქმედი, ამ რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერი. ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა იმ რეჟიმმა. საუბარია ათი ათასობით ადამიანზე. გარდა ამისა, ზურაბ ადეიშვილი არის მსჯავრდებული რამდენიმე კონკრეტულ საქმეზე და დამატებით, ის არის ბრალდებული ორ საქმეზე. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაულები, მაგალითად, ერთ-ერთი კომერციული ობიექტის, ღვინის ქარხნის მიტაცების, უკანონოდ ჩამორთმევის საქმე. დამეთანხმებით, ეს არ არის მარტივი დანაშაული. ეს არის ერთ-ერთი ტელეკომპანიის, „იბერიას“ ხელში ჩაგდების საქმე, მედიის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული. ეს არის კობა დავითაშვილის გატაცების და მასზე სასტიკი ძალადობის საქმე, რაშიც პირდაპირ იყო ჩართული ზურაბ ადეიშვილი. ეს არის პატიმრების წამების საქმე, რომელზეც მას აქვს შეფარდებული მსჯავრი და ეს არის „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმე. უმძიმეს დანაშაულებებზეა საუბარი და როდესაც ასეთი ადამიანი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირში, ეს არის ღრმად შემაშფოთებელი თითოეული ჩვენგანისთვის. ასევე ბრალი აქვს წაყენებული ზურაბ ადეიშვილს, 7 ნოემბრის ძალადობის საქმეზე და ბუტა რობაქიძის მკვლელობის დანაშაულის დაფარვის საქმეზე. ეს არის კონკრეტული უმძიმესი დანაშაულები. როდესაც ასეთ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული, მსჯავრდებული პირი თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში, უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში, ეს არის შემაშფოთებელი და არ შეიძლებოდა, ჩვენ ეს ფაქტი დაგვეტოვებინა რეაგირების გარეშე. ასეთი ფაქტები ძირს უთხრის ქართული საზოგადოების აღქმას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ისეთი ფასეულობების ერთგული, როგორიც არის პირველ რიგში, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. გარდა ამისა, არის სხვა შემთხვევებიც, როდესაც დამნაშავეები, ძებნილები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის ფარგლებში და ეს ადამიანები დღესაც არიან ეჭვმიტანილები კონკრეტულ ქმედებებში, რომელიც მიმართულია ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება