fbpx

ირაკლი კობახიძე თემურ ალასანიას განცხადებაზე – მისმა დისშვილმა ერთხელ სცადა ომის გზით ტერიტორიების დაბრუნება და მოგეხსენებათ, რაც მოიტანა ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყნისთვის

მისმა დისშვილმა სცადა ერთხელ ომის გზით ტერიტორიების დაბრუნება და მოგეხსენებათ რაც მოიტანა ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყნისთვის: ეს იყო ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, აფხაზეთს და სამაჩაბლოს ოკუპაცია, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადება „სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება.“

კობახიძის თქმით, ალასანიას და სააკაშვილს საქართველოში იმის გამეორება სურთ, რაც 2008 წელს ხდებოდა, თუმცა, დღევანდელი ხელისუფლება მათი გამოცდილებისგან განსხვავებულ პოლიტიკას აწარმოებს.

„ჩვენ არ გვინდა ალასანიას და მისი დისშვილის გამოცდილების გაზიარება, ბუნებრივია, ეს წარმოუდგენელია. ჩვენ გვაქვს სხვა პოლიტიკა და ამით გაღიზიანებულები არიან ეს ადამიანები, ერთი, რომ საკუთარი ცოდვები აწუხებთ და მეორე უნდათ საქართველოში იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში. ამას ვერ ეღირსება ვერც თემურ ალასანია და ვერც მისი დისშვილი. გარდა ამისა, როცა საუბარია დემოკრატიაზე, ესეც ენატრებათ ამ ადამიანებს, ენატრებათ ის დრო, როცა სააკაშვილი ავტორიტარული მეთოდებით მართავდა ქვეყანას, როდესაც ის იყო დიქტატორი. ამ ნოსტალგიის გამოძახილია ის განცხადებები, რომლებიც კეთდება სააკაშვილის ბიძის მხრიდან. საქართველოს, მათი გამოცდილებისგან განსხვავებით, უნდა ჰქონდეს მშვიდობა და დემოკრატია. ეს არის ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი პოლიტიკა, განსხვავებით ამ რეჟიმის ლიდერების პოლიტიკისგან.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება თემურ ალასანიას მეორე განცხადებას იმის შესახებ, რომ „გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია იმიტომ, რომ ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები“ – კობახიძის შეფასებით, ალასანიას მხრიდან ეს მორიგი წამოცდენა და საზოგადოებისთვის მიცემული აღიარებითი ჩვენებაა.

„პერიოდულად მათ აქვთ წამოცდენები და საზოგადოებას აძლევენ ხოლმე აღიარებით ჩვენებას. ეს იყო თემურ ალასანიას მორიგი წამოცდენა. ბუნებრივია, მათი სურვილი არის რადიკალიზმის გაღვივება, პოლარიზაციის გაღვივება, ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირება. ეს უბრალოდ წამოსცდა, თორემ, ამას ხომ მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ. რასაც აკეთებდნენ ამ რეჟიმის, ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, ეს უბრალოდ წამოსცდა თემურ ალასანიას.“ – აღნიშნა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება