fbpx

ილია დარჩიაშვილი : ჩვენი დიპლომატები, ნებისმიერ ქვეყანაში, მზად არიან დაიცვან  და დახმარება გაუწიონ საქართველოს მოქალაქეებს; რაც შეეხება კონკრეტულად მექსიკაში არსებულ სიტუაციას –  არავინ არ არის გატაცებული

„ჩვენი თითოეული დიპლომატიური წარმომადგენლობა, თითოეული კონსული, რომელიც მუშაობს საზღვარგარეთ ვალდებულია დაიცვას და იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, მხოლოდ თქვენი ტელევიზია და თქვენი თანამოაზრეები საუბრობენ რომ ქართველები არიან გატაცებულები მექსიკაში. არავინ არაა გატაცებული„ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრმა მოუწოდა ოპოზიციურ ტელეკომპანიებს, ვინც ამ დღეების განმავლობაში ავრცელებდა არასწორ  ინფორმაციას მოქალაქეთა გატაცების შესახებ, არ შეიყვანონ საქართველოს მოქალაქეები შეცდომაში და არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია.

„თქვენს გარდა არავინ საუბრობს ქართველების გატაცებაზე. ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში, როდესაც არასწორ და უსაფუძვლო ინფორმაციას გაავრცელებთ, გეყოთ იმის ძალა, რომ თქვათ, რომ ეს იყო გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მოგიწოდებთ, რომ სიცრუის ტირაჟირებისგან თავი შეიკავოთ, ნუ ატყუებთ საქართველოს მოქალაქეებს, როცა არ გაქვთ ინფორმაცია, ნუ აყენებთ ისეთ სიტუაციაში ადამიანებს, რამაც შესაძლოა გაურკვეველი პროცესები გამოიწვიოს. „ – აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მზად არიან დახმარება გაუწიონ და დაიცვან საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლება, რომელსაც დახმარება დასჭირდება საზღვარგარეთ.  რაც შეხება მექსიკაში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას, მინისტრის ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, მათთან მიმდინარეობს მუშაობა და თუ იქნება საჭიროება, უწყება მოახდენს სათანადო რეაგირებას. 

„თუ რომელიმე ადამიანს, ეს იქნება მექსიკა, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა,  დაჭირდება ჩვენი, თითოეული დიპლომატის დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი.

ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა მათთან ვმუშაობთ, თუკი მათ აქვთ საჭიროება, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას.“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება