fbpx

იანვრიდან ვეტერანების დანამატი 5-ჯერ გაიზრდება -ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ – მინისტრმა ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ვულოცავ გულითადად სხვადასხვა თაობის ვეტერანებს, ვინც მეორე მსოფლიო ომსა თუ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოსა და მსოფლიოს ცხელ წერტილებში თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა თუ გლობალური უსაფრთხოებისათვის. დღეს თქვენთან და მთელს ჩვენ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებთ იმ გმირთა ხსოვნას ვინც ოჯახებს ვერ დაუბრუნდა და ვინც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. საზოგადოების განვითარების საზომი არის ის თუ როგორ ვაფასებთ და ვზრუნავთ სამშობლოს დამცველებზე. ჩვენი მთავრობა შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვეტერანებზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ბატონმა  კობა კობალაძემ ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა ნაბიჯი ჩამოთვალა, ყველა ის პროგრამა რომელიც განხორციელდა და რომელიც განხორციელდება, იქნება ეს 1000 ლარიანი დანამატები თუ სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ის საკითხი რაც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება ყოველთვიური დანამატი. თქვენი დაფასება არის არამხოლოდ ღვაწლის და დამსახურების აღიარება, არამედ ეს არის ზრუნვა მომავალზე. ჩვენს ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრებაზე.

ასე რომ, საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ ჯანმრთელობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება