fbpx

თქვენ იყავით ხელისუფლებაში, დაანგრიეთ, დაკარგეთ ტერიტორიები, ახლა გვაცადეთ ჩვენ მუშაობა-ირაკლი ღარიბაშვილი

ქალბატონო ხატია, ერთ რამეს გეტყვით, თუ შეიძლება, რომ იცოდეთ, თქვენგან განსხვავებით, თქვენი გუნდისგან განსხვავებით მე ყოველთვის, როცა ვდგამ ნაბიჯს თუ ვაკეთებ კომენტარს, მხოლოდ და მხოლოდ ვფიქრობ სახელმწიფოს ინტერესებზე, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ხატია დეკანოიძეს პარლამენტში.

„არასოდეს თქვენგან განსხვავებით სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯი არ გადამიდგამს, რაც დააზიანებდა იმ დროს, იმ მომენტში ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, აი, ეს არის მთავარი. თქვენ ვერ დაიცავთ ჩვენს მოსახლეობას, ვერ დაიცავით და ვერც დაიცავთ. თქვენ იყავით ხელისუფლებაში 8 თუ 9 წელი, დაანგრიეთ ეს ქვეყანა, დაკარგეთ ტერიტორიები, ახლა გაჩუმდით და დაგველოდეთ ჩვენ. ახლა ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და ჩვენ ვმართავთ.

თქვენ გეყოთ გამბედაობა?! რომ ჩააბარეთ რუსეთს 20% ტერიტორიების?! ეგ არის გამბედაობა?! თუ ის არის გამბედაობა, რომ ხელი მოაწერეთ კაპიტულანტურ, მოღალატეობრივ განცხადებას. ომის შემდეგ ამ ხალხმა მოაწერა ხელი კაპიტულანტურ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ რეზოლუციას, სადაც წერენ ესენი, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო ომიო.

თქვენ იყავით ხელისუფლებაში, დაანგრიეთ, დაკარგეთ ტერიტორიები, ეს მძიმე მემკვიდრეობა თქვენ დაგვიტოვეთ, ამიტომ ახლა გვაცადეთ ჩვენ მუშაობა, ვიცით რას ვაკეთებთ.

შეგახსენებთ, როცა მოვედით ხელისუფლებაში, ეს ევროინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაჩერებული და ძალიან დიდი საფრთხის წინაშე იყო. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მე გადმომეცა, როცა ვიყავი შს მინისტრი.

აქედან გამომდინარე, იქნება ეს ევროინტეგრაცია, ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, ნატო-სთან ინტეგრაცია, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ ამ მიმართულებით, გარდა ოკუპაციისა და გარდა რეალურად ანტისახელმწიფოებრივი თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა. გაეცით პასუხი მოსახლეობას, თქვენ უნდა გამცეთ პასუხი – რატომ გადაეცით სტრატეგიული ობიექტები რუსეთს აგვისტოს ომის შემდეგ, მიპასუხეთ. უამრავი ენერგეტიკული სტრატეგიული ობიექტი გადაეცით თქვენ რუსეთს 2008 წლის ომის შემდეგ. მაგის შემდეგ თქვენი ყოფილი შს მინისტრი, ბატონი მერაბიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ფულს სუნი არ აქვსო. ეს რომელი გამონათქვამია ხომ კარგად გვახსოვს?! რომ გაემართლებინა რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტები ომის შემდეგ. თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო საერთოდ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება