fbpx

თუ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება, საპროტესტო აქციების გადადება შესაძლებელია – ბადრი ჯაფარიძე

„ლელო – საქართველოსთვის“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება შედგება, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციები შესაძლოა, გადაიდოს. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, ოპოზიციის ლიდერებისა და ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„თუ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება, რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციების გადადება შესაძლებელია, რადგან ჩვენი ამოცანა და მიზანი საპროტესტო აქციები კი არ არის, ჩვენი ამოცანა და მიზანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ამ ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ვნახოთ ისეთი პროცესები, რომლის კონტროლი შეუძლებელი იქნება და ჩვენი მოქალაქეები ძალიან დიდ ზიანს მიიღებენ. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა შეთანხმების მიღწევა ორივე მიმართულებით. პირველი, კრიზის დაუყოვნებლივი განმუხტვა, რომელიც დაკავშირებულია მელიას დაპატიმრებასთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მეორე – პოლიტიკური კრიზისი, რომელიც წარმოიშვა 31 ოქტომბრის შემდეგ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ლიეტუვის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას, როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, პარტნიორები მზად არიან იმისთვის, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ხელი შეუწყონ და მიღწეულ იქნას შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება