თორნიკე გერლიანი ირაკლი ოქრუაშვილზე: ჩემ ნათესავს უთხრა, რომ თუ აგრესია წამოვა თქვენგანო, ერთ მხარეს იარაღი ჰქონდა, მეორეზე დანა, აიღო ეს დანა და ანახა, ამით გამოგჭრითო ყელსო, შენით დავიწყებო და ქალს, ბავშვს, მოხუცს, არავის არ დავინდობო, დაგაყენებთ და თავებს დაგაყრევინებთო. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტი განიხილება, კოდორის ხეობის მცხოვრებმა თორნიკე გერლიანმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ დროს მამიდამისი, რუსიკო გერლიანი 2006 წელს ეზოში „დეშეკათი“ დაცხრილეს, რაზეც თქვეს, რომ გათვალისწინებული მსხვერპლი იყო და არაუშავსო. მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი პირადად დაემუქრა მოსახლეობას, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში თავისი დანით გამოჭრიდა ყველას ყელს. „თავდაცვის სამინისტრო შემოვიდა ვერტმფრენებით, ოპერაცია რომ დაიწყო კოდორში, ესე ეძახდნენ „კოდორის ხეობის განთავისუფლებას“, მაშინ დაიწყეს სახლების დაბომბვა. ვერტმფრენებიდან ესროდნენ რაკეტებს სახლს და ასევე ტყვიამფრქვევები აქვს ვერტმფრენს ორივე მხრიდან და არის მსხვილკალიბრიანი ტყვია, 50 კალიბრის, არ არის ადამიანზე გათვლილი, ეს არის ტექნიკის გასაჩერებლად და როგორც კი გამოვიდა, სახლს რომ ბომბავდნენ გარეთ გამოვიდა ქალი, 49 წლის, მთიდან იყო ახალი ჩამოსული და პირდაპირ სამი სიტყვა ამოატარეს. ორი ჰქონდა მუცელში მოხვედრილი, ერთი ყელში და რომ შემოვიდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პირადად ოქრუაშვილმა ჩხალთაში თქვა, რომ აბა რა გეგონათო თქვენო, ჩვენო ესე უბრალოდ ვიძახდითო, რომ ყველაფერს გავაკეთებთო?! მერე ერთი ქალბატონი იყო ჩემი ნათესავი მანდ და იმას უთხრა, რომ თუ აგრესია წამოვა თქვენგანო, რამე უბრალოდ წინააღმდეგობა იქნებაო, დანა ჰქონდა ფეხზე მობმული, ტაქტიკური სამაგრი ჰქონდა, ერთ მხარეს იარაღი ჰქონდა, მინისტრს! ერთ მხარეს იარაღი ჰქონდა, მეორეზე დანა. აიღო ეს დანა და ანახა, ძაან დიდი დანა იყო და ამ დანით გამოგჭრითო ყელს, თან შენობით მიმართა, შენით დავიწყებო და ქალს, ბავშვს, მოხუცს, არავის არ დავინდობო და გამოგჭრით ყველას ყელსო, დაგაყენებთ და თავებს დაგაყრევინებთო. თან მადლობა თქვითო, რომ ერთი ქალი დაიღუპაო და არა 10 და 20 და 30, თორემ თქვენ სადაც დგახართ ის მიწა უნდა დაიწვას წესითო, იმდენად იყო აქ ბანდფორმირებაო და არ ემორჩილებოდით ცენტრალურ ხელისუფლებასო“, – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.