fbpx

თენგიზ ცერცვაძის პასუხი დიმიტრი ხუნდაძეს

ინფექციური პათოლოგიისა და შდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე: ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა, რომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიერ ა.წ. 20 აგვისტოდან COVID-19-ით და აივ/შიდსით სტაციონარული პაციენტების მიღების დროებით შეჩერება სწორი გადაწყვეტილება არ იყო.

ბატონო დიმიტრი! ჩვენ იძულებული ვიყავით დროებით შეგვეჩერებინა ზემოთაღნიშნული პაციენტების მიღება, ვინაიდან ცნობილი მიზეზების გამო, ცენტრში არ იყო უზრუნველყოფილი ამ პაციენტების მიღებისა და მომსახურებისთვის ელემენტარული, მინიმალურად აუცილებელი პირობები. ამასთან, საქმე ეხება არა მხოლოდ ძალიან ცუდ ყოფით პირობებს (პალატები, ტუალეტები, დერეფნები და სხვ.), თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი სისტემებისა და სერვისების არარსებობას, როგორიცაა სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდების სისტემა, კორპუსების დამიწება, ადრე შეძენილი კომპიუტერული ტომოგრაფის დასადგამი ფართის მოწყობა და სხვ. 

COVID-19-ით და/ან აივ/შიდსით ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი ჟანგბადის არმიწოდების გამო რომ დაღუპულიყო (რაც ძალიან რეალურია) ან ვენტილაციის და/ან გამწმენდი ნაგებობის არქონის გამო COVID-19-ის ან სხვა საშიში ინფექციების გავრცელება მომხდარიყო (რაც ასევე ძალიან რეალურია), ან კიდევ დამიწების არქონის გამო პაციენტისთვის დენს დაერტყა, ვინ იქნებოდა ამაზე პასუხისმგებელი? ალბათ ისევ ჩვენ დაგვიჭერდნენ.

ჩვენ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, გავაკეთეთ იმისთვის, რათა ცენტრში შესაბამისი გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩატარებულიყო, მათ შორის მრავალგზის მივმართეთ შესაბამისი თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ უშედეგოდ. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი 100%-ით სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სააქციო საზოგადობაა და ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა სტრუქტურების ნებართვისა და დახმარების გარეშე ვერაფერს გავაკეთებდით.

ბატონო დიმიტრი! როდესაც ბრძანებთ, რომ პაციენტების მიღების შეჩერება არასწორი გადაწყვეტილება იყო, იქნებ ისიც გვითხრათ, რომელი იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება და როგორ უნდა მოვქცეულიყავით – დაგვეყენებია პაციენტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ?


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares