თეა ახვლედიანმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს, დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა


2025-2026 სასწავლო წელს დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიატი გახდა გიორგი გამისონია, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის, გალის რაიონის სოფელ საბერიოს საშუალო სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად სტუდენტი გახდა. სახელობითი სტიპენდია 600 ლარის ოდენობით მას ყოველთვიურად ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში გადაეცემა.
 
ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით გამოვიდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე.
  სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენი ძალისხმევა პრიორიტეტულად მიმართულია საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების გაფართოებაზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვყავს ისეთი გამორჩეული ახალგაზრდები, რომლებიც მათთვის შექმნილი ამ საშეღავათო პროგრამების და უნივერსიტეტში გამოცდების გარეშე ჩაბარების შესაძლებლობის მიუხედავად, ადგილზე დამოუკიდებლად ახერხებენ მოემზადონ და ეროვნული გამოცდებით გახდნენ სტუდენტები. საუკეთესო ქულებით ჩარიცხული სწორედ ასეთი მონდომებული ახალგაზრდების მხარდასაჭერად, ჩვენ დავაარსეთ დიმიტრი გულიას სახელობითი სტიპენდია, რომლითაც წელს დავაჯილდოვეთ გიორგი გამისონია. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას და მჯერა, რომ სწორედ მეტი განათლებით და განვითარებით, მშვიდობის და ნდობის განმტკიცებით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ დავძლიოთ ოკუპაცია და გავაერთიანოთ ომით დაშორებული საზოგადოების წევრები,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება