fbpx

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ბალეტ „ბაიადერას“ პრემიერა გაიმართა

19 ნოემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ლუდვიგ მინკუსის ბალეტის, „ბაიადერას“, პრემიერა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

„ბაიადერას“ საპრემიერო ჩვენება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში წარმატებით გაიმართა 14, 15, 17 და 18 ნოემბერს. სპექტაკლები გაიმართება 28-29 ნოემბერსაც.

ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფია ნინო ანანიაშვილი ალექსეი ფადეეჩევთან ერთად. „ბაიადერას“ დამდგმელი დირიჟორია პაპუნა ღვაბერიძე.

19 ნოემბერს ბალეტის მთავარ პარტიებს ასრულებდნენ თეატრის სოლისტები: ნინო ხახუტაშვილი (ნიკია), ეფე ბურაკი (სოლორი), მარიამ ელოშვილი (ჰამზათი).

„ბაიადერას“ დამდგმელ ჯგუფში ნინო ანანიაშვილის ინიციატივით მოწვეული იყვნენ გამოცდილი თეატრალური მოღვაწეები: სცენოგრაფი დავით მონავარდისაშვილი, კოსტიუმების მხატვარი კირილ გასილინი, რომელსაც კონსულტაციებს უწევდა მსოფლიოში ცნობილი კოსტიუმების მხატვარი და სცენოგრაფი, მოდის ისტორიკოსი ალექსანდრ ვასილიევი, განათების მხატვარი სტიინ ბიარკე.

ბალეტის ახალი რედაქცია დაფუძნებულია მარიუს პეტიპას ორიგინალურ დადგმაზე. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენის ახალ ვერსიაში გამოყენებულია ფრაგმენტები ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიიდანაც (პა დ’აქსიონი), ლიბრეტო კი, მარიუს პეტიპასა და სერგეი ხუდეკოვის ლიბრეტოს მიხედვით, შექმნა ნინო ანანიაშვილმა.

„ბაიადერას“ მსოფლიო პრემიერა 1877 წლის 23 იანვარს სანკტ-პეტერბურგში გაიმართა. მას მსოფლიო ბალეტის ისტორიაში დღემდე გამორჩეული ადგილი უჭირავს და არის თითქმის ყველა საბალეტო თეატრის რეპერტუარში.

„ბაიადერა“ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე მაყურებელმა პირველად 1912 წლის 30 მაისს, სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო თეატრის გასტროლის დროს ნახა. 1968 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვახტანგ ჭაბუკიანმა „ბაიადერას“ თავისი ვერსია დადგა. 1974 წელს თეატრში „ბაიადერას“ მესამე მოქმედების პრემიერა შედგა, ხოლო 1981 წლის 22 ნოემბერს „ბაიადერას“ ვახტანგ ჭაბუკიანისეული ვერსია განმეორდა.

2023 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ნინო ანანიაშვილისა და ალექსეი ფადეეჩევის მიერ დადგმული „ბაიადერა“ მეოთხე, მაგრამ განსხვავებული და ახლებური ქორეოგრაფიული ვერსიაა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება