fbpx

თბილისის მერობის და ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მანჯგალაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნენ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და დედაქალაქის საკრებულოში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე მანჯგალაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნენ.

კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის გამო გაჩერებული პროექტები მომდევნო ოთხ წლის განმავლობაში განხორციელდება.

„ნოემბერში ვამთავრებთ მანჯგალაძის ქუჩის სამუშაოებს. მთლიანად განახლდება მიმდებარე სკვერიც. ზოგადად, უამრავი პროექტი განხორციელდა, თუმცა, არის ისეთი საკითხები, რომლებიც ვერ მოგვარდა. ამას აქვს თავისი ახსნა, ამ ოთხი წლიდან ორი წელი, ხედავთ რამდენად რთულ ვითარებაში ვართ. პანდემია მაქვს მხედველობაში. ყველა იმ პროექტის გაჩერდა, რომელიც ჩაშვებული გვქონდა და მოგვიწია თანხების გადამისამართება იმ პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც ამ პანდემიიდან გამომდინარე გაჩნდა. თანხები, რაც ინფრასტრუქტურაში უნდა დახარჯულიყო, წავიდა პანდემიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად.

მომდევნო ოთხი წელი იქნება ძალიან აქტიური და არ იფიქროთ, რომ ის პროექტები, რაზეც ვსაუბრობდით, არ გაკეთდება. პირიქით, უფრო მეტი ენერგიით,  შემართებით და ენთუზიაზმით ძალიან მაგარ სამუშაოებს ჩავატარებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.გპირდებით, რომ იმ სიყვარულს და პატივისცემას, რაც ყოველდღიურად იგრძნობა ჩემსა და ჩემი თანაგუნდელების მიმართ, დავაბრუნებთ გაკეთებული საქმეებით და განხორციელებული პროექტებით“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხელაძემ.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისისა და თბილისელებისთვის შესამჩნევი იყო ის ცვლილებები, რაც კახა კალაძის მერობის შემდეგ დაიწყო. თქვენ კარგად ხედავდით მის დამოკიდებულებას მწვანე სივრცეების აღდგენასთან დაკავშირებით. უამრავი დასასვენებელი სივრცე გაჩნდა ქალაქში, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ არ გავურბივართ პრობლემებს, თვალს ვუსწორებთ რეალობას, გვაქვს კონკრეტული ხედვა და განვითარების გეგმა“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მანჯგალაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელები; ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე LED სანათები; დაიგება ასფალტი და მოეწყობა ტროტუარები.  პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება დაახლეობით 1,6 მილიონი ლარია. გამგეობის დაკვეთით კი, მანჯგალაძისა და ლიკანის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სკვერის პროექტის ღირებულება 140 000 ლარია.

პროექტს ასევე გაეცნენ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში, ასევე, კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება