fbpx

თბილისის მერიის „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამით 196 ბენეფიციარი,„500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში კი 125 966 მომართვა დაფინანსდა

„სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის ფარგლებში, 2023 წლიდან დღემდე,
196 ბენეფიციარი დაფინანსდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 140 200 ლარი გაიცა“, –
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის
მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერმა ყურადღება „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“
პროგრამის შესახებაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია შესაბამისი
სამედიცინო საჭიროების მქონე მოქალაქეების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად
განაგრძობს.
„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური მიმართულება ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება
იმისთვის, რომ მოქალაქეებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ. ეს ყველაფერი
მომავალშიც გაგრძელდება. ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე განვაცხადე, რომ
ვიწყებდით „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის დაფინანსებას. ეს
პროგრამა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც უკვე 196
ბენეფიციარი დაფინანსდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის,
დაახლოებით, 1 500 000 ლარია გამოყოფილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქე
ჯანმრთელობის ცნობის წარდგენის საფუძველზე, მისთვის გამოწერილ
მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს.
„მერიის „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში,
დღეის მდგომარეობით, დაფინანსებულია 125 966 მომართვა. აღნიშნული პროგრამა
2022 წლიდან ხორციელდება და საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი
პირებისთვისაა განკუთვნილი. მედიკამენტები გაიცემა ექიმის
დანიშნულებისამებრ. მოქალაქე ჯანმრთელობის ცნობა #100-ით, მისთვის
გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს. წლის განმავლობაში, ერთ
ბენეფიციარს პროგრამის ფარგლებში, 500 ლარის მედიკამენტის მიღება შეუძლია.

პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტი 9 864 000 ლარია. პირველ რიგში, ჯანმრთელობა
მინდა ვუსურვო ყველას. დედაქალაქის მერია მზადაა, გვერდში დაგიდგეთ და
მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება