fbpx

თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ ფერდზე გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თბილისის ზღვის
მიმდებარედ, ზარაშვილისა და გ. ქუთათელაძის ქუჩების მომიჯნავედ არსებულ
18.3 ჰექტარ ფართობზე გამწვანების მასშტაბური აქცია გამართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა
პაატა ტოგონიძემ მიიღეს.
„სკვერების და პარკების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თბილისში
დეგრადირებული ტყის საფარი აღდგეს. მსგავსი ფერდობები სამწუხაროდ,
მრავლად გვაქვს. დღეს ამ კონკრეტული ფერდის აღდგენა იწყება, რომელიც, ჯამში,
18 ჰექტარია. ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟდა სარწყავი სისტემა და დაირგვება
სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. ტყის საფარის აღდგენის პროექტისთვის 1.5 მლნ
ლარი დაიხარჯება. პარალელურად, რა თქმა უნდა, მსგავსი პროექტები
გაგრძელდება, რადგან ჩვენთვის ურბანული ტყის აღდგენა ძალიან
მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, ჯამში, სხვადასხვა სახეობის 13 579 ძირი მწვანე ნარგავი
დაირგვება. მათ შორის, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური აკაკი, იფანი, ჰიმალაის
კედარი, ჩვეულებრივი ნუში, ცაცხვი და ზეთის ხილი. ტერიტორიაზე უკვე
მოწყობილია სარწყავი სისტემა და დარგული ნერგების მოვლა-პატრონობა ოთხი
წლის განმავლობაში განხორციელდება.
პროექტის მიზანი თბილისის ზღვაზე, ზ. წერეთლის მემორიალის მიმდებარედ წინა
წლებში არსებული და ამჟამად დეგრადირებული ტყის აღდგენაა. პროექტი ასევე,
მიზნად ისახავს აღნიშნულ ტერიტორიაზე სტაბილური კორომის ჩამოყალიბებას.
გამწვანების აქციაში შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები და დირექტორი
ვახტანგ ნოზაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ირაკლი ხელაძე,
ასევე, ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და გამგეობის სხვა
თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება