fbpx

თბილისის ვოკალისტთა III საერთაშორისო კონკურსი – „OPERA CROWN“ – გაიხსნა 

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ვოკალისტთა III საერთაშორისო კონკურსი „OPERA CROWN“ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. გალა კონცერტში მონაწილეობენ I და II კონკურსების ფინალისტები და გამარჯვებულები: სოფია მჭედლიშვილი, სოპრანო; ირინა შერაზადიშვილი, მეცო-სოპრანო; მარიამ ბარათაშვილი, მეცო-სოპრანო; კონსტანტინე ყიფიანი, ტენორი; გიორგი ლომისელი, ბარიტონი; ოთარ შიშინაშვილი, ბარიტონი; გიორგი ჭელიძე, ბანი; ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და გუნდი, დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი, ქორმაისტერი: ავთანდილ ჩხენკელი. საღამოზე შესრულდა ცნობილი საოპერო არიები და დუეტები. თბილისის ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი 20-25 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება; საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარდგება 43 ახალგაზრდა მომღერალი მსოფლიოს 20 ქვეყნიდან (საქართველო, სამხრეთ კორეა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ისრაელი, გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, სომხეთი). კონკურსი სამი ტურისგან შედგება. კონკურსის I ტური გაიმართება 21-22 ნოემბერს, II ტური – 23 ნოემბერს, ხოლო დასკვნითი – III ტური, ლაურეატების დაჯილდოება და კონკურსის საზეიმო დახურვა 25 ნოემბერს, 18:00 საათზე შედგება. ფინალისტები მსმენელის წინაშე წარდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის თანხლებით; დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი. კონკურსანტებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები: სამეფო ოპერის თეატრის „კოვენტ გარდენი“ კასტინგ-დირექტორი პიტერ მარიო კატონა, ვაშინგტონის ნაციონალური ოპერის დირექტორი და სამხატვრო დაგეგმარების ხელმძღვანელი სამუელ გელბერი, ვენის სახელმწიფო ოპერის კასტინგ-დირექტორი რობერტ კერნერი, უნგრეთის სახელმწიფო ოპერის გენერალური დირექტორი სილვესტერ ოკოვაჩი, შოტლანდიის ოპერის კასტინგ-დირექტორი სარა-ჯეინ დევისი, დრეზდენის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პეტერ თაილერი, გეტებორგის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ჰენინგ რუჰი, მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდის პრეზიდენტი ოლგა როსტროპოვიჩი, „საერთაშორისო მუსიკალური სახელოსნოს“ (Atelier Musicale International) პროდიუსერი და მენეჯერი ვირჯინიო ფედელი; ჟიურის თავმჯდომარეა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.

თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსს „OPERA CROWN“ საფუძველი 2018 წლის მაისში ჩაეყარა. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და კონკურსანტებისთვის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის კარგი საშუალებაა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ოპერის მომღერლებს, რომლებიც იმყოფებიან პროფესიული კარიერის დასაწყისში. შესაბამისად, კონკურსის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენა და მათი პროფესიული წინსვლის ხელშეწყობა. შესარჩევი მოსმენის შემდეგ, რომელიც ტარდება კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მიერ გამოგზავნილი აპლიკაციებისა და ვიდეოჩანაწერების საფუძველზე. კონკურსის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სხვ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება