fbpx

თბილისის განვითარების ფონდი სკუდიერის ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს

ჯოვანი სკუდიერის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე,
მხატვრების პავილიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის განვითარების ფონდი სკუდიერის ქუჩაზე და მის მიმდებარე
ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, ასევე, მხატვრების პავილიონების მოწყობის
სამუშაოებს ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი
ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ ლევან
ჯღარკავასთან ერთად გაეცნო.
„აღნიშნულ სივრცეში, სადაც ახლა რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ძალიან ცუდი
მდგომარეობა იყო. ჩვენ ჩავატარეთ დედაენისა და 9 მარტის ბაღების
რეაბილიტაცია, მათი გაერთიანების შემდეგ კი ეს სივრცე იყო დარჩენილი, რომელიც
პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად, დაახლოებით, 6 000 კვ.მ ფართობის
განახლების გადაწყვეტილება მივიღეთ. ესეც მთლიანობაში შეკრავს დიდ სივრცეს –
პარკს, სანაპიროს და ის ყველანაირად იქნება მოწესრიგებული, გამწვანებული და
განათებული. ტერიტორიაზე დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა. ასევე,
ნახატებით მოვაჭრეებისთვის მოეწყობა შესაბამისი კუთხეები, სადაც მათ ექნებათ
შესაძლებლობა, თავიანთი საქმიანობა განაგრძონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია არსებული საყრდენი კედლის
გამაგრება, რესტავრაცია და მოპირკეთება; გამწვანების თარგების მოწყობა;
დეკორატიული სანათების მონტაჟი; ახალი გარე განათების ბოძებისა და ქსელის
მოწყობის სამუშაოები; სარწყავი სისტემის მოწყობა; უსაფრთხოების ქსელისა და
ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების სისტემების მონტაჟი; მხატვრებისთვის
განკუთვნილი სავაჭრო სტენდების მოწყობა; საფეხმავლო სივრცის კეთილმოწყობა.
სამუშაოების ღირებულება 1 349 916 ლარს შეადგენს და მისი დასრულება
მიმდინარე წლის 20 სექტემბრისთვის იგეგმება.
თბილისის მერთან ერთად, ადგილზე ასევე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი
დავით კირკიტაძე და პარლამენტის დეპუტატი ბექა ოდიშარია იმყოფებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება