fbpx

თამთა მეგრელიშვილი: ფაქტია, ქართული ოპოზიციური პარტიები არასამთავრობოების დაფუძნების გზით ქმნიან შესაძლებლობას მიიღონ უცხოეთიდან არადეკლარირებული უკანონო შემოწირულობა

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი იმ პოლიტიკოსებს ამხელს, რომლებსაც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დაფუძნებული აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციები, ახორციელებენ ფსევდო სამოქალაქო საქმიანობას, რეალურად კი, ცდილობენ პოლიტიკური საქმიანობისათვის შემოვლითი გზებით მიიღონ უცხოური დაფინანსება.

თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ არასამთავრობოებს აქვთ პოლიტიკური ინტერესი და არაფერი საერთო სამოქალაქო აქტივობასთან.

„ქართული ოპოზიციური პარტიები არასამთავრობოების დაფუძნების გზით ქმნიან ისეთ მექანიზმებს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს პარტიებს საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით მიიღონ არადეკლარირებული უკანონო შემოწირულება, განსაკუთრებით უცხოეთიდან. კონკრეტული პარტიები საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციებით ცდილობენ პოზიციონირდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებად, არჩევნების დამკვირვებლებად და ამ დროს ხელს უწყობენ პარტიულ პროპაგანდას. აღნიშნულ არასამთავრობოებს აქვთ მკაფიო პოლიტიკური ინტერესი, პოლიტიკური მესიჯები და დანიშნულება.

მაგალითად: პარტია „დროას” დამფუძნებლების და ლიდერების მიერ დაფუძნდა არასამთავრობო „მოძრაობა დროა“ რომელიც პარტიის ლიდერის ელენე ხოშტარიას აღიარებითვე, ჩართულია პარტიულ საქმიანობაში, მათ შორის საარჩევნო კამპანიაში. აღსანიშნავია, რომ „მოძრაობა დროას“ დაფუძნების დღესვე, დამფუძნებლებმა რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად აიღეს ამონაწერის ოფიციალური ინგლისური თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციის შექმნა გათვლილი იყო უცხოური დაფინანსების მიღებაზე.

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ პარტიულ საქმიანობაში აქტიურად გამოიყენება არასამთავრობო „ანტიკორუფციული ცენტრი“, რომელიც პირდაპირ ემსახურება ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ მიზნებს და თავად „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა აღიარა, რომ ეს ორგანიზაცია საზღვარგარეთიდან ფინანსდება და ამა დავით კეზერაშვილი აკეთებს.

არასამთავრობო “სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური განაყოფია. არჩევნების დროს ეს არასამთავრობო გამოიყენეს როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია მაშინ, როცა ის დაუფარავი პოლიტიკური მიზნებით მოქმედებს. მისი ორი ლიდერი, ნაცმოძრაობის წევრი ვასო ურუშაძე და ლაშა ფარულავაა და ამ არასამთავრობოს კიდევ ერთი ლიდერი დღეს ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტიის „ახალი“ წევრი გახდა.

“გირჩი – მეტი თავისუფლება” პარტიის ლიდერები მონაწილეობენ არასამთავრობო „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ ღონისძიებებში და ეს არასამთავრობო უწევს ორგანიზებას და აფინანსებს „გირჩის“ საზაფხულო ბანაკებს, სადაც დიდი ალბათობით, ახალგაზრდების პოლიტიკური გადამზადება ხდება.

ანა დოლიძე პარტია “ხალხისთვის” პარტიულ ღონისძიებების უმეტესობას ატარებს არასამთავრობო „პროგრესის ცენტრთან“ და არასამთავრობო „ხალხისთვის“ მონაწილეობით. ანა დოლიძე პარტია „ხალხისთვის“ სხვა ლიდერებთან ერთად არასამთავრობო “ხალხისთვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. რაც შეეხება არასამთავრობო “პროგრესის ცენტრს”, მართალია ანა დოლიძე ფორმალურად არ ფიქსირდება დამფუძნებლების ან ხელმძღვანელების სიაში, მაგრამ მისი კავშირი ამ ორგანიზაციასთან ორი გარემოებით დასტურდება: ორგანიზაციის იურიდიულ და ელ-ფოსტის მისამართებად რეესტრში მითითებულია ანა დოლიძის საცხოვრებელი და ელ-ფოსტის მისამართები.

„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” გიორგი ვაშაძის დაფუძნებულია არასამთავრობო ორგანიზაციის „ინოვაციების და განვითარების ფონდი“, რომლის დირექტორია გიორგი ვაშაძის მეუღლე ქეთევან სიჭინავა. მნიშვნელოვანია, რომ ჩამოთვლილი არასამთავრობოების დამფუძნებლებმა რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად აიღეს ამონაწერის ოფიციალური ინგლისური თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციების შექმნა გათვლილია უცხოური დაფინანსების მიღებაზე.

ფაქტია, ქართული ოპოზიციური პარტიები არასამთავრობოების დაფუძნების გზით ქმნიან შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით მიიღონ არადეკლარირებული უკანონო შემოწირულება, განსაკუთრებით უცხოეთიდან,” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება