fbpx

თამთა მეგრელიშვილი: გამარჯვებას, კანდიდატის სტატუსის სახით, დღეს ყველა ზეიმობს – ის, ვინც იშრომა და ის, ვინც ამ შრომაზე უარი თქვა, ერთი შედეგის ირგვლივ ერთიანდება

„დღეს ქართულ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, რაც ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკურად აღიარების უმაღლესი ფორმაა და რომლის შემდეგ უკვე მხოლოდ წევრობა მოდის,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, რითაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმად საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

„1999 წლის 27 იანვარს, როდესაც სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას, დარბაზში შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ მიმართა: „ვართ ძალიან ბედნიერი და ამაყი, რომ ჩემს თაობას, ჩვენს თაობას აქვს პრივილეგია თქვას ამ დარბაზში ძალიან მარტივი სიტყვები: “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“. ქართველი პოლიტიკოსის ეს სიტყვები იმ დღიდან საქართველოს მიერ ევროპული ოჯახის კარის გაღების მთავარ სიმბოლოდ იქცა.

დღეს ქართულ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, რაც ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკურად აღიარების უმაღლესი ფორმაა და რომლის შემდეგ უკვე მხოლოდ წევრობა მოდის. რა სარგებელი აქვს სტატუსს? სტატუსი საქართველოს გზას უხსნის გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტზე – IPA-ზე, რომლის ბიუჯეტიც 14 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ ინსტრუმენტზეა მიბმული ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, ანუ EIB-დან, IMF-დან და EBRD-დან 30 მილიარდი ევროს მობილიზებას ითვალისწინებს. 
აგრეთვე, კანდიდატ სახელმწიფოებს სამეზობლო განვითარების 19 მილიარდიანი ფონდიდან დაფინანსების მიღების საშუალებაც აქვთ, რაც ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას შეიძლება მოხმარდეს.

გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს წვდომა აქვთ ევროკავშირის 11 საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელთაგან საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მოქმედებს, ერთ-ერთია Erasmus+. ახალი ეტაპი და შესაძლებლობები, რომელზეც გადავედით, დახვეწილ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ იდეოლოგიას მოითხოვს. მისი ჩამოყალიბების პროცესში კი განსაკუთრებული როლი ინტელექტუალურ ძალებს აკისრიათ.

მათ შორის, ამ ეტაპზე გამოკვეთილია „ხალხის ძალა”, რომელიც რაციონალურ ზემოქმედებას ახდენს სოციუმის და პოლიტიკური აქტორების იდეოლოგიურ კონცეფციებზე. უფრო დეტალურად კი – “ხალხის ძალამ” შეძლო და ქართული სახელმწიფოს მიერ კანდიდატის სტატუსის ღირსებით მოსაპოვებლად მთავარი და გადამწყვეტი როლი ითამაშა. „ხალხის ძალა” არის ძალა, რომელმაც მოამზადა ნიადაგი პოლიტიკური პრაგმატიზმისათვის. საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალა” შექმნის დღიდან გახდა ყველაზე ეროვნული ძალა, რომელიც ყველა დონეზე შინ თუ გარეთ ღიად და დაუფარავად იცავდა და იცავს ქართულ ინტერესს.

„ხალხის ძალის” მიერ საზოგადოების ინფორმირებით პოლიტიკური გონის ფორმირება დაიწყო მთავარი მიზნით – პოლიტიკურ აქტორთა მოღვაწეობაში განმსაზღვრელი პრიორიტეტი ღიად ყოფილიყო ეროვნულ სახელმწიფოებრივი მიზნები და ინტერესები. ჩვენ თუ აქამდე ბრმად მივყვებოდით დასავლელი პარტნიორების პოლიტიკურ დღის წესრიგს, სადაც პირდაპირ უნდა ვთქვათ, წაშლილი იყო ზღვარი პარტნიორობასა და აუცილებლად შესასრულებელ დავალებებს შორის, „ხალხის ძალამ”გააჩინა საშუალება ღიად და დაუფარავად ვისაუბროთ ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე როგორც პირველადზე. „ხალხის ძალა” არის ძალა, რომელმაც თამამი უარი თქვა პოლიტიკურ იდეოლოგიურ მონიზმზე! “ხალხის ძალამ” ყველას დაანახა პოლიტიკურ პროცესებში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის უპირატესობა და უხერხული გახადა ქართული სახელმწიფოს ინტერესების გვერდის ავლით სხვათა ინტერესებზე საუბარი. საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალა” შექმნის დღიდან დღემდე მონაწილეობს პოლიტიკურ-ინტელექტუალურ პროგრესში, როგორც ერთ – ერთი მნიშვნელოვანი აქტორი, რომელიც ეროვნული ენერგიის მობილიზებას ახდენს. „ხალხის ძალა” ატარებს ყველაზე ქართულად საქმის კეთების მისიას! ინფორმაციულ ბრძოლაში და პირდაპირ შანტაჟში – დაიწყეთ ომი- ქართული ოცნების” გვერდით მხოლოდ „ხალხის ძალა” და მის მიერ ინფორმირებული ხალხი იდგა. დიახ, საზოგადოების ინფორმირება მხოლოდ „ხალხის ძალამ” გაბედა! „ხალხის ძალა” შეეხო აქამდე ხელშეუხებელთ, რომლებიც მილიონებით ფინანსდებოდნენ მხოლოდ ერთი მიზნით, ქართულ სახელმწიფოში პოლიტიკური ვითარება სხვათა დაკვეთით აერიათ.

„ხალხის ძალის” მიერ გატანილი საკანონმდებლო ინიციატივით აირია მავანთა გეგმები და მიუღებელმა კანონმა მიღებულზე კარგად იმუშავა. გაიშიფრა და იშიფრება ყველა დონეზე ჩაბუდებული ანტისახელმწიფოებრივი იდეის მატარებელი ძალა, ყველა აქტორი. „ხალხის ძალა”, როგორც მშვიდობის მცველი, „ქართული ოცნების” გვერდით დღესაც ამ როლითა და სტატუსით იბრძვის პოლიტიკურ ველზე და ემსახურება მხოლოდ ქართულ ინტერესებს. „ხალხის ძალა” არაპოლიტიკური და ამასთან, ყველაზე პოლიტიკური ნაბიჯებით ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესების დაცვის სადარაჯოზე დგას. „ხალხის ძალა” შექმნის დღიდან დღემდე ყველა პროცესში არის ქართული ინტერესის მცველი და მისი როლი ქართულ პოლიტიკაში უკვე დაწერილია. გამარჯვებას, კანდიდატის სტატუსის სახით, დღეს ყველა ზეიმობს, ის ვინც იშრომა და ის ვინც ამ შრომაზე უარი თქვა, ერთი შედეგის ირგვლივ ერთიანდება. სინამდვილეში როლები განსაზღვრულია, სახელისუფლებო გუნდის და აპოლიტიკური და ამასთან ყველაზე პოლიტიკური „ხალხის ძალის” „ბრძოლამ” თავიდან აგვეცილებინა ომის პირდაპირი დავალება და გვქონოდა მშვიდობა, სახელისუფლებო გუნდს კი პრიორიტეტებზე მშვიდობიანად მუშაობის შესაძლებლობა, შედეგი გამოიღო და ეს შედეგი მოპოვებული გამარჯვების ღირსეული შედეგია. კანდიდატის სტატუსს ქართველ ხალხს და ორ გამოკვეთილ აქტორს- „ქართულ ოცნებასა” და „ხალხის ძალას” ვულოცავ! წარმატებები!”- წერს სოციალურ ქსელში თამთა მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება