fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: მთელი აპრილის თვე უნდა ვუსმინოთ, თუ როგორ დაალაგებს მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებს რუსეთი – ჩვენს ოპოზიციას მივმართავ: როდესაც ვინმესთვის „რუსეთუმეს“ დაძახება მოგინდებათ, თავი დასავლეთისკენ მიაბრუნეთ

„ანუ, მთელი აპრილის თვე გაეროში სხდომებს ლავროვი ჩაატარებს? დასავლეთმა ის ვერ მოახერხა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობა რუსეთისთვის არ გადაეცათ და რუსეთის დამარცხებას აპირებს?“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

მისი თქმით, მოვლენები ვითარდება სწორედ ისე, როგორც 2008 წლის ომის შემდეგ – ევროპა და დასავლეთი რუსეთს, სამაგალითოდ დასჯის ნაცვლად, სამაგალითოდ აძლიერებს.

„ანუ, მთელი აპრილის თვე გაეროში სხდომებს ლავროვი ჩაატარებს?

დასავლეთმა ის ვერ მოახერხა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობა რუსეთისთვის არ გადაეცათ და რუსეთის დამარცხებას აპირებს?

არავინ დაიწყოს იმის მტკიცება, რომ როტაციით ეკუთვნოდა რუსეთს და ა.შ. 

ჩვენ რომ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი ევროპიდან, ისე ვის ეკუთვნოდა, მაგრამ განა მარტო არ მოგვცეს, მწარედ დაგვცინეს კიდეც. ვისაც ერევიან, გასდით. ვისთანაც ვერ გასდით  – აგერ, ფრიალებს რუსეთის დროშა ამაყად გაეროში.

მოკლედ, მთელი აპრილის თვე ლავროვს უნდა ვუსმინოთ, თუ როგორ დაალაგებს მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებს რუსეთი. რა სასაცილოა, არა?!

როდემდე უნდა აცხოვროთ ამ სიყალბეში ხალხი?

განრისხებული ზელენსკი დღეს კი არის მართალი, მაგრამ ამაზე თავიდანვე უნდა ეფიქრა. გამოვიარეთ ჩვენ ეგ პერიოდი, ჩვენო უკრაინელო მეგობრებო. აგვისტოს ომის შემდეგ სამაგალითოდ რომ უნდა დაესაჯათ რუსეთი, სამაგალითოდ გააძლიერეს და გაზარდეს მისი კაპიტალი.

ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუკი უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ რუსეთი სამამულო, ეროვნული პროდუქციით, რაც მანამდე არ ჰქონდა, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოდ მოგვევლინოს. ამ ერთ წელიწადში ასეულ მილიარდობით დოლარი შევიდა რუსეთში სწორედ ამერიკიდან და ევროპიდან. 

ჩვენს „ჭკუათმყოფელ“ ქართულ ოპოზიციას კი  მივმართავ: როდესაც ვინმესთვის „რუსეთუმეს“ დაძახება მოგინდებათ, თავი დასავლეთისკენ მიაბრუნეთ!“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება