fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: “არჩევნების ბედს ყოველთვის და ყველგან ის ასაკობრივი სეგმენტი წყვეტს, ვინც გუშინ რესპუბლიკის მოედანზე იდგა ახალგაზრდებთან ერთად”


“გუშინდელი აქცია არათუ მხოლოდ საყურადღებო, არამედ, სერიოზული საფრთხის შემცველიც კი არის ჩვენი ოპოზიციისთვის. გამოდის, რომ ყველაზე აქტიური ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მათ პოლიტიკას აკრიტიკებს და იწონებს სახელისუფლებო პოლიტიკას”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე გუშინდელ აქციას.
მისი თქმით, ეს ფაქტი ოპოზიციისთვის ცნობილია და ამიტომაც არის ის ასეთი გაღიზიანებული გუშინდელი დღით.
„გუშინ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა რესპუბლიკის მოედანზე პროტესტი გამოხატა არსებული პოლიტიკური პროცესების მიმართ, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ ღირებულებებს და ქვეყნის სუვერენიტეტს. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, სათქმელი რომ აღარაფერი დარჩა, კრიტიკული საუბარი დაიწყო ამ საზოგადოების ასაკზე. მათი უპატივცემულობა ხალხის მიმართ არაერთხელ გვინახავს და არც გვიკვირს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ არ იციან, რამდენად საშიში და ანგარიშგასაწევია სწორედ ეს ასაკობრივი სეგმენტი არჩევნებზე. არა მარტო ჩვენთან, არამედ, თითქმის ყველა ქვეყანაში, არჩევნების ბედს ის ასაკობრივი სეგმენტი წყვეტს, ვინც გუშინ რესპუბლიკის მოედანზე იდგა.
ზოგადი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა ასაკობრივ სეგმენტზე ასე ნაწილდება: 54 % – 35-დან 65 წლამდე (საშუალო ასაკი საპენსიო ასაკამდე); 25 % – 65 წლიდან ზემოთ (პენსიონერები); 15 % – 25-დან 35 წლამდე (მეორე ახალგაზრდული სეგმენტი); 5-6 % – 18-დან 25 წლამდე (პირველი ახალგაზრდული სეგმენტი).
ამომრჩეველთა აქტივობის ეს მონაცემები თითქმის სტანდარტულია ყველა ქვეყანაში, განსხვავებულია იმით, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ახალგაზრდების პროცენტული მაჩვენებელი არჩევნებზე კიდევ უფრო მცირეა ასაკოვანი ხალხის აქტივობის ხარჯზე. თუ ამ ფაქტებით ვიმსჯელებთ, გუშინდელი აქცია არათუ მხოლოდ საყურადღებო, არამედ, სერიოზული საფრთხის შემცველიც კი არის ჩვენი ოპოზიციისთვის. გამოდის, რომ ყველაზე აქტიური ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მათ პოლიტიკას აკრიტიკებს და იწონებს სახელისუფლებო პოლიტიკას.
ბუნებრივია, ასაკობრივი სეგმენტების აქტივობის შესახებ მათ ინფორმაცია აქვთ და სწორედ ამიტომ არიან ასეთი გაღიზიანებულები გუშინდელი დღით. ის საზოგადოება, რომელიც გუშინ რესპუბლიკის მოედანზე იდგა, რამდენადაც არააგრესიულები არიან ქუჩაში, იმდენად მყარია მათი გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან. შეუძლებელია ამ ასაკობრივი სეგმენტის მოსყიდვა, მენტალობის შეცვლა, მათი მოტყუება და არაქართული იდეოლოგიის თავს მოხვევა. მათ აქვთ დიდი გამოცდილება, ცოდნა და სანდოობის გამოხატულებაც მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლიათ. რაც შეეხება ახალგაზრდობას, სიტყვით გამომსვლელ ახალგაზრდების უკან ახალგაზრდების დიდი რაოდენობა დგას, რომლებსაც რწმენით, ცოდნით, ოჯახური და ეროვნული ღირებულებებით უყვართ სამშობლო და არა ძალადობით გამოვლენილი დანაშაულით. ახალგაზრდების ეს დიდი ძალა დგას და ელის თავიანთ დროს, როდესაც მშვიდად და აუღელვებლად, ყოველგვარი აგრესიის და სხვისი შეურაცხყოფის გარეშე, გააკეთებენ საკუთარ არჩევანს. სწორედ მათი არჩევანი იქნება ანგარიშგასაწევი მათი მშობლებისთვის და გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნისთვის”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება