fbpx

თავიდან უფრო რთული იყო ცილისწამების ატანა-ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მინისტრობის საწყის ეტაპზე მის წინააღმდეგ წარმოებულ ცილისწამების კამპანიას რთულად უმკლავდებოდა და ოჯახის წევრებსაც უჭირდათ მასთან შეგუება, თუმცა დღეს უკვე ეს პრობლემა დაძლიეს და მათი ცხოვრების ნაწილი გახდა.

“თავიდან უფრო მეტად რთული იყო, მაგრამ როდესაც გავიაზრე, რომ ეს არის იმ პროცესის ნაწილი, საჯარო ცხოვრების ნაწილი, სადაც ვიმყოფები, ამან გაცილებით გამიადვილა მისი აღქმა და ამასთან ერთად ცხოვრება. ყველაზე რთული იყო, როცა ოჯახის წევრები გარიეს და ეს, რა თქმა უნდა, იყო მტკივნეული, მაგრამ დამეხმარა ოჯახის წევრების მაღალი შეგნება და მზაობა ყოველივე ამისთვის. მიმაჩნია, რომ ოჯახში დავძლიეთ ეს პრობლემა და ჩავთვალეთ, რომ ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემაში “რა დროს ძილია”

ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ არსებულ დეზინფორმაციას მოქალაქეებთან მეტი კომუნიკაციით აპირებს, რომ ებრძოლოს.

“რაც ვრცელდება, ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისთვის, ნათესავებისთვისა და მეზობლებისთვის ადეკვატური აღქმა ადვილია და შეუძლიათ გაარჩიონ რა არის ტყუილი და რა მართალი. რაც შეეხება საზოგადოებას, როდესაც გაქვს ასეთი თანამდებობა და პანდემიის დროს ყურადღება შენკენ არის მომართული, მათთვის ტყუილ-მართალის გარჩევა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ უნდა მქონდეს მეტი კომუნიკაცია სხვა ჭრილშიც ჩვენს მოქალაქეებთან, რათა ამ ტოქსიკურ ინფორმაციულ ნაკადში შეძლონ და მოიპოვონ სიმშვიდე, რაც ყველა ჩვენგან სჭირდება დღეს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემაში “რა დროს ძილია”.

გაუზიარე!

Shares