fbpx

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს

საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოჯისტიკის დღეს აღნიშნავს. პროფესიული
დღის აღსანიშნავი საზეიმო ცერემონიალი ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური
უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. პირად შემადგენლობას
ლოჯისტიკის დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სერგო ჯანელიძემ და საქართველოს
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა
მიულოცეს. სიტყვით გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის ძალებისთვის
ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, ასევე, ლოჯისტიკის შესაძლებლობების
განვითარებისა და მოდერნიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.
ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეები საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის დაჯილდოვდნენ მედლებით – “გენერალი კვინიტაძე”, ხოლო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის მედლებით – “სამშობლოსთვის თავდადებული”. ლოჯისტიკოსებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის საშტატო იარაღი, ასევე, სწავლებების მართვის ან დაგეგმარების დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მონაწილეობისთვის მედლები – „გიორგი ანწუხელიძე” გადაეცათ.
ლოჯისტიკის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში, სამხედრო ბაზის
ტერიტორიაზე შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენაც გაიმართა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება