fbpx

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების გადათვლის შედეგად სიტუაცია „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ შეიცვალა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების გადათვლის შედეგად ერთ მაჟორიტარულ ოლქში სიტუაცია „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ შეიცვალა. „ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურაში ჩივილს აპირებს.

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, რომელიც შუაღამის შემდეგაც გაგრძელდა, დაპირისპირების ფონზე წარიმართა კენჭისყრის დღეს და მის შემდეგ დაწერილი საჩივრების განხილვა. „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტი გამოიწვია ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარული ოლქის 4 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლის გადაწყვეტილებამ. ხელახლა დათვლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს და პირველივე ტურში იმარჯვებდა.

მე-11 მაჟორიტარული ოლქის 53-ე, 54-ე, 57-ე და 58-ე უბნების ბათილი ბიულეტენების გადათვლის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ 12, „გახარია – საქართველოსთვის“ 2 და „ნაციონალურ მოძრაობას“ 1 ხმა დაემატა. ხელახლა დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.

შესაბამისად, თუკი მანამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდში ჰყავდა მაჟორიტარული სისტემით გამარჯვებული 9 კანდიდატი, ეს შედეგი ერთით შემცირდა და ახლა „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 5-ის ნაცვლად 6 გამარჯვებული კანდიდატი.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა კომისიაში, მირანდა გოგოხიამ და პარტიის დამკვირვებლებმა, მათ შორისმ პარლამენტის წევრმა, ანა წითლიძემ. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან თავიდანვე დიდი ინტერესი იყო ზუგდიდის ამ ოლქის შედეგების გადათვლის მიმართ და ამაზე მიუთითებდა შესაბამისი საჩივარიც. წითლიძის თქმით, არ არსებოდა არანაირი მტკიცებულება და ეჭვის საფუძველი, რომ ეს უბნები გაეხსნათ და ამიტომ გადათვლას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა, საოლქო კომისიამ ხმათა უმრავლესობით მაინც მიიღო მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება.

ანა წითლიძე ირწმუნება, რომ 4-ივე უბნის ბათილი ბიულეტენების დალუქული კონვერტები, რომლებიც საოლქო კომისიაში ინახება, გახსნეს და ხმები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადააკეთეს.

„ოლქში, რომელიც გახსნეს, კონვერტები იყო გახსნილი, ლუქი იყო ახსნილი. ეს არის შევარდნაძის მეთოდები, როცა საოლქოში ხსნიდნენ კონვერტებს, ამატებდნენ ბიულეტენებს. ყველა უბანში, რაც მანამდე გადაითვალეს, გაბათილებული ხმების უმრავლესობა ჩვენ დაგვემატა. რატომღაც ამ ოლქში აღმოჩნდა ისე, რომ დაემატა ზუსტად იმდენი ხმა, რამდენიც სჭირდებოდა ქართულ ოცნებას”, – განაცხადა წითლიძემ. „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, რომ საკითხის მოკვლევის მოთხოვნით პროკურატურას მიმართოს.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ამბობს, რომ მე-11 ოლქის 4 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლის საკითხზე დიდი ინტერესი იყო და ამას ითხოვდა რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი, მათ შორის – „ქართული ოცნება“ და „გახარია-საქართველოსთვის“. მესხის თანახმად, კომისიამ სწორედ მაღალი ინტერესის გამო გადაწყვიტა ბათილი ბიულეტენების გადათვლა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კატეგორიულად გამორიცხავს დალუქული კონვერტების გახსნას და მონაცემების გადაკეთებას. მირანდა მესხის განცხადებით, კონვერტები მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა თანდასწრებით გაიხსნა. იგი იმასაც ამბობს, რომ ეს არ არის პირველი ოლქი, სადაც უბნების ბათილი ბიულეტენების გადათვლა მოხდა და სხვა უბნებზე შედეგი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ შეიცვალა.

„კარგად კი ჭიკჭიკებდნენ, როცა მათ ემატებოდათ ხმები. მე ვერავის პოზიციას ვერ დავიკავებ. არც აქეთას და არც იქეთას. აქ ამოვიდა რეალური ხმები, რომელიც გადანაწილდა სამივე კანდიდატზე, ვინც იღებდა მაჟორიტარული წესით მონაწილეობას“, – თქვა მირანდა მესხმა მე-11 ოლქის 4 უბნის შედეგების გადათვლის შემდეგ.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში მიიღო ხმების 43.16%, „ქართულმა ოცნებამ“ 40.06% და პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ 10.64%. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 15 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა პირველივე ტურში 40%-იანი ბარიერის გადალახვით გაიმარჯვეს 8-ში, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა 6-ში. ერთ ოლქში, ამ ორი პარტიის კანდიდატთა მონაწილეობით, მეორე ტური გაიმართება.

შესაბამისად, ამ დროისთვის არსებული წინასწარი შედეგების მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 45-წევრიან საკრებულოში 22 ან 23 მანდატი ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“, 19 ან 20 – „ქართულ ოცნებას“. ეს დამოკიდებული იქნება მეორე ტურზე, რომელიც მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად გაიმართება ზუგდიდის მე-4 ოლქში. საკრებულოში 3 წევრი ეყოლება პარტიას „გახარია-საქართველოსთვის“.

მეორე ტური გაიმართება ზუგდიდის თვითმმართველი თემის მერის ასარჩევადაც, რადგან პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ანზორ მელია, რომელსაც 2 ოქტომბერს ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 46%-ზე მეტმა და „ქართული ოცნების“ კანდიდატი მამუკა წოწერია, რომელსაც მხარი დაუჭირა 41%-ზე მეტმა.წყარო ,,რადიო თავისუფლება,,

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება