ზვიად შალამბერიძე: სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენა ხშირად ხდება არა ერთი დიდი დარტყმით, არამედ მრავალი მცირე შეტევის მეშვეობით. მათი მიზანია, საზოგადოებაში ნელ-ნელა დაგროვდეს ეჭვი და გარკვეულ ნაწილს გაუჩნდეს საკუთარი სახელმწიფოსა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის განცდა

თანამედროვე სამყაროში პოლიტიკა შეიცვალა. თუ ადრე სახელმწიფოებზე ზეწოლა ხშირად ხდებოდა პირდაპირი კონფლიქტებით, სამხედრო დაპირისპირებით ან ღია პოლიტიკური კრიზისებით, დღეს სულ უფრო ხშირად გამოიყენება სხვა მეთოდები- უფრო დახვეწილი, უფრო გრძელვადიანი და ბევრად უფრო რთულად შესამჩნევი- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ზვიად შალამბერიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

შალამბერიძის თქმით, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ასეთი მექანიზმები, რომ არ აჰყვეს ემოციებს და მოვლენებს ერთ მთლიან სურათში შეხედოს, რადგან ძლიერი საზოგადოება სწორედ კრიტიკული აზროვნებით გამოირჩევა.

„დღეს სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენა ხშირად ხდება არა ერთი დიდი დარტყმით, არამედ მრავალი მცირე შეტევის მეშვეობით. ეს შეიძლება იყოს კრიტიკული ანგარიშები, მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიები, პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც დროდადრო ჩნდება სხვადასხვა პლატფორმაზე და თანდათან ქმნის საერთო ფონს. თითოეული ასეთი ეპიზოდი შეიძლება ცალკე აღებული უმნიშვნელოდაც კი გამოიყურებოდეს, მაგრამ როდესაც ისინი სისტემურად, დროულად და მეთოდურად ჩნდება, საბოლოოდ იქმნება საზოგადოებრივ განწყობებზე გავლენის მცდელობა. მსოფლიოში ეს პრაქტიკა კარგად არის ცნობილი. გლობალურ პოლიტიკაში უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებულია მეთოდები, რომლებიც ეფუძნება საზოგადოებრივი განწყობების, საინფორმაციო სივრცის და პოლიტიკური პროცესების სიღრმისეულ შესწავლას. ზუსტად არის განსაზღვრული, რომელ თემებზე შეიძლება საზოგადოების მგრძნობელობა იყოს მაღალი, როგორ უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, რა დროს უნდა გაჩნდეს ახალი განცხადება ან ახალი ბრალდება, რათა თანდათან შეიქმნას ეჭვისა და დაძაბულობის ატმოსფერო.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ, როგორც საზოგადოება კარგად გავიგოთ, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი. ხშირად ასეთი შეტევების მიზანი არ არის ერთი კონკრეტული განცხადება ან ერთი ანგარიში. მათი მიზანია, რომ საზოგადოებაში ნელ-ნელა დაგროვდეს ეჭვი, გაჩნდეს გაურკვევლობა და გარკვეულ ნაწილს გაუჩნდეს საკუთარი სახელმწიფოსა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის განცდა. სწორედ ამიტომ ასეთი პროცესები განსაკუთრებით ეფექტური ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოება მათზე რეაგირებს ემოციურად იწყებს და იწყებს ამავე თემების გაუთავებელ გამეორებას. ასეთ შემთხვევაში პროვოკაციის ავტორები აღწევენ მთავარ მიზანს. ისინი თავად კი არ ავრცელებენ ნარატივს, არამედ ამას უკვე საზოგადოება აკეთებს. ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთ რამეს გავუსვათ ხაზი. ძლიერი საზოგადოება არის ის საზოგადოება, რომელიც ხედავს არა მხოლოდ ცალკეულ მოვლენას, არამედ მთლიან სურათს“-განაცხადა შალამბერიძემ.

შალამბერიძე: ხელისუფლება გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება პასუხისმგებლობას, პრაგმატიზმს და  ეროვნული ინტერესების დაცვას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ერთიანობა და გააზრებული პოზიცია იქნება ის ძალა, რომელიც ნებისმიერ შეტევებს აზრს დაუკარგავს

საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში. ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს ეკონომიკურ და სატრანსპორტო კავშირს სხვადასხვა რეგიონს შორის. ბუნებრივია, ასეთ გარემოში სხვადასხვა ძალა ცდილობს გავლენის მოპოვებას, ზოგჯერ პოლიტიკურ პროცესებზე, ზოგჯერ საინფორმაციო  სივრცეზე, ზოგჯერ კი საზოგადოებრივ განწყობებზე- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ზვიად შალამბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოს საკმარისად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და გამოცდილება გააჩნია, რომ  გამოწვევებს გაუმკლავდეს.

შალამბერიძეს მიაჩნია, რომ ზეწოლებზე და საინფორმაციო შეტევებზე პასუხი უნდა იყოს სიმშვიდე, პრაგმატული პოლიტიკა და ეროვნული ინტერესების დაცვა.

„მაგრამ ასევე უნდა ითქვას ძალიან მკაფიოდ, საქართველოს აქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, გამოცდილი პოლიტიკური სისტემა და საზოგადოება, რომელმაც უკვე არაერთი რთული პერიოდი გაიარა. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ყურადღებით ვაკვირდებით ყველა პროცესს. ჩვენ ვაანალიზებთ ყველა ფაქტორს, ვხედავთ რისკებს და კარგად გვესმის, როგორ მუშაობს თანამედროვე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმები. ამიტომ ჩვენი პასუხი ასეთ მცდელობებზე არ არის პანიკა, არ არის ემოციური რეაქცია და არ არის მუდმივი თავის მართლება. ჩვენი პასუხი არის სტრატეგიული სიმშვიდე, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

მინდა ამავე დროს საზოგადოებას პირდაპირ მივმართო. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სიფხიზლე. არ გავხდეთ პროვოკაციების ნაწილი, არ დავუშვათ, რომ ეჭვი და გაურკვევლობა გახდეს საზოგადოებრივი განწყობის საფუძველი. სწორედ ასეთ პირობებში იწყებს მუშაობას ყველაზე ძლიერი დაცვა… საზოგადოების გააზრებული პოზიცია. როდესაც საზოგადოება ხედავს მთელ სურათს, როდესაც ესმის პროცესების ლოგიკა, მაშინ ნებისმიერი საინფორმაციო შეტევა კარგავს თავის მთავარ ძალას, გავლენას საზოგადოებრივ განწყობებზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მომავალშიც იქნება მსგავსი მცდელობები. იქნება სხვადასხვა განცხადებები, სხვადასხვა შეფასებები და სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიები. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება პასუხისმგებლობას, პრაგმატიზმს და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ საზოგადოების სიფხიზლე, ერთიანობა და გააზრებული პოზიცია იქნება ის ძალა, რომელიც ნებისმიერ მსგავს მცდელობას საბოლოოდ აზრს დაუკარგავს“-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება