fbpx

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ქვეყნის, დაახლოებით, 20%-ის ოკუპაცია მოახდინა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ქვეყნის, დაახლოებით, 20%-ის ოკუპაცია მოახდინა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასათავისუფლებელია 2 603 დასახლებული პუნქტი. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა ლუქსემბურგის პარლამენტისთვის მიმართვისას განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, 2014 წლის გაზაფხულიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე უკრაინამ დაკარგა 14 ათასი ადამიანი, 1,5 მილიონ ადამიანზე მეტი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირი გახდა, რუსული ჯარი კი უკრაინის ტერიტორიის 43 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტს აკონტროლებდა.

„ევროპული სახელმწიფოების უმეტესობისთვის ომის მსგავსი მასშტაბი უკვე იქნებოდა კოლოსალური, მაგრამ 24 თებერვალს რუსეთმა აჩვენა, რომ მისთვის ეს საერთოდ არ არის მასშტაბი. რუსეთმა აჩვენა, რომ მისი სისასტიკე გაცილებით მეტია. რუსული ჯარი შევიდა უკრაინის 3 620 დასახლებულ პუნქტში. 1017 მათგანის გათავისუფლება უკვე მოხერხდა, კიდევ 2 603 უნდა გავათავისუფლოთ. დღევანდელი მდგომარეობით ოკუპანტების კონტროლის ქვეშ ჩვენი ტერიტორიის, დაახლოებით, 20%-ია, თითქმის 125 ათასი კვადრატული კილომეტრია. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ბენელუქსის ქვეყნების ერთად აღებული ფართობი“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 300 ათასი კვადრატული კილომეტრი ჭურვებითაა დაბინძურებული, აუფეთქებელი ჭურვებით.

„თითქმის 12 მილიონი უკრაინელი გახდა ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირი. 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა, პირველ რიგში, ქალებმა და ბავშვებმა ქვეყანა დატოვეს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბრძოლა უდიდეს ტერიტორიაზე, ხარკოვიდან მიკოლაევამდე გრძელდება.

„პირდაპირ მათ შორის 450 კილომეტრია, მაგრამ რომ შევხედოთ ფრონტის მთელ ხაზს და ის არ არის პირდაპირი, ეს ხაზი 1000 კილომეტრზე მეტია“,- განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება