fbpx

ვისაც გაქვთ სურვილი შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი ააშენოთ, მოგვმართეთ, მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს-კახა კალაძე

კახა კალაძე: ვისაც გაქვთ სურვილი შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი

ააშენოთ, მოგვმართეთ, მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს თბილისის მერიის მხარდაჭერა
ყოველთვის ექნებათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ
მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ არასწორ ინფორმაციას გამოეხმაურა,
თითქოს, თბილისის მერიამ კერძო კომპანიას შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი
ტერიტორია გადასცა.
„ამ თემას არ შევეხებოდი, შშმ ბავშვებს რომ არ ეხებოდეს. საქმე ეხება კონკრეტულ
მიწის ნაკვეთს, რომელიც 2017 წელს ეკონომიკის სამინისტრომ კონკრეტულ
პიროვნებას, შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის,
კონკრეტული ვალდებულებით გადასცა, თუმცა, აღნიშნული ვალდებულება ვერ
შესრულდა და ეს მიწა ეკონომიკის სამინისტრომ დაიბრუნა. 2020 წელს მიწის
ნაკვეთი დედაქალაქის მერიას გადმოეცა. როდესაც მივიღეთ გენერალური გეგმა,
კონკრეტულ არეალებში მთელი რიგი კვლევები ჩავატარეთ. ერთ-ერთი ასეთი იყო
შატბერაშვილის ქუჩა, რომელიც დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან
მეწყერსაშიში ზონაა. ამ კონკრეტულ არეალებში იყო გაცემული სამშენებლო
ნებართვები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ადამიანებს მივეცით ადგილმონაცვლეობის
შესაძლებლობა. მიწის ფართი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ 2020 წელს
ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე გადმოგვცა, 2021 წელს შატბერაშვილის
ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთში ჩავანაცვლეთ, სადაც სამშენებლო ნებართვა იყო
გაცემული. ამიტომ, გაუგებარია ეს ბრალდებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის
მშენებლობის საქმეში მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურ თანადგომას
გამოიჩენს.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ამ ადამიანებს: ვისაც მართლა გაქვთ, სურვილი
და შესაძლებლობა იმისა, რომ ეს სარეაბილიტაციო ცენტრი ააშენოთ, როგორ
ფიქრობთ, მუნიციპალიტეტი ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ?! მობრძანდით და
ხვალვე მოვნახავთ თქვენთან ერთად მიწის ნაკვეთს და გააკეთეთ ეს კეთილი
საქმე. არანაირ პრობლემას არ შეგიქმნით, მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ“, –
აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება