fbpx

ვინც ამბობს, რომ საქართველომ ორმხრივი სანქცია უნდა დაუწესოს რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, რომ საქართველომ უნდა გარისკოს პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა რუსეთთან

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან ფრენების აღდგენის საკითხზე ოპოზიციის დამოკიდებულება აბსოლუტურად გაუგებარია.

„საუბარია იმაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ იქს ქვეყანას დაწესებული ჰქონდა სანქციები, საქართველოს მოქალაქეებს სჯიდა და ეს სანქციები იქნა მოხსნილი. როგორ შეიძლება, ამასთან დაკავშირებით პანიკის ატეხვა, სკანდალების მოწყობა და მოთხოვნები, რომ პირიქით იქით დაასანქცირონ თუ ამის პასუხი რა უნდა იყოს – რუსეთს მოსთხოვონ კვლავ დაასანქცირონ საქართველო. პირიქით, ყველა სანქცია რაც კი არსებობს საქართველოს წინააღმდეგ, უნდა იყოს მოხსნილი, რადგან ყველა სანქცია საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებული, არის უსამართლო და ეს სანქციები რაც უფრო მალე მოიხსნება, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო უზრუნველყოფს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იყოს დაცული და საქართველო არ გახდეს ტერიტორია, სადაც მოხდება მისი გვერდის ავლა.

„აქაც მოქმედებს იგივე პრინციპი – ერთი წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის კეთილსინდისიერი პარტნიორები. თავიდანვე ვთქვით და ამ პრინციპს მივყვებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს. სხვათა შორის, ამაზეც თავიდან ჰქონდათ თითქოს ატეხილი სკანდალი, თუმცა შემდეგ ოპოზიციის თითო-თითო წარმომადგენელი დაეთანხმა პრინციპს, რომ საქართველომ არ უნდა დააწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამას ეთანხმებოდნენ, ახლა თითქოს სხვა შეფასებები ისმის, როცა საუბარია სავიზო შეზღუდვებზე რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.

ეს იგივე სანქციაა. ამიტომ ორი პრინციპია მთავარი – საქართველო უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ტერიტორიები არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია და ესკალაციის ბოლოს შეიძლება იყოს პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი, რაც არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში. ვინმეს ინტერესში თუ შედის, რომ აქ კონფლიქტი იყოს, მაშინ თქვას, განაცხადოს და იმსჯელოს იმ საკითხზე, უნდა დააწესოს თუ არა საქართველომ ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ. ყველა, ვინც ამბობს, რომ საქართველომ ორმხრივი სანქცია უნდა დაუწესოს რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, რომ საქართველომ უნდა გარისკოს პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა რუსეთთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება