fbpx

ვახტანგ გომელაური – სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების ზრდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას სამინისტროს თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

„2023 წელი განსაკუთრებული იყო, როგორც ანაზღაურების ზრდის კუთხით, ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. განახლდა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. 2022 წელს, სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასი 10%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელს, უკვე გაზრდილი ხელფასის ზრდა მოხდა დამატებით 20%-ით, ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და პირველი იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის არსებული ხელფასი დამატებით კიდევ 10%-ით გაიზარდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი შენდება და ბინას 1000-მდე პოლიციელი მიიღებს.

„პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს, თბილისში დაიწყო „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა. „პოლიციის ქალაქში“ შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი შენდება და პროექტის ფარგლებში პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ბინას 1000-მდე პოლიციელი მიიღებს“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება