fbpx

ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტული კარიერა დაასრულა

ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, როდესაც ძალიან ემოციური პოსტი განათავსა. მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და ასევე, ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ მედლის მოპოვება ოლიმპიადაზე ვერ მოახერხა.

„მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა დღემდე. იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით.

მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა, ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს. მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როდესაც რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი ვიცი თქვენი გახარება. მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს მაგრამ, მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ მიყვარხართ. იმედია სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება. ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ ვერ ვახერხებ, იმედია ოდესმე შევძლებ, რომ ყველაფერი გითხრათ ყველას“, – დაწერა ლიპერტელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანმა პირველ წრეში დაისვენა და ოლიმპიადაზე მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ეგვიპტელ რამადან დარვიშს 3 გაფრთხილებით მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში კანადელი შადი ელნაჰასი ორი მოპოვებული ვაზარის შემდეგ იპონით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იაპონელ აარონ ვოლფთან ვაზარით წააგო.

ბრინჯაოს მედლისთვის ლიპარტელიანი რუს ნიაზ ილიასოვს დაუპირისპირდა და ძირითადი დროის ბოლოს ვაზარი მიიღო, რის გამოც მარცხი განიცადა და ზაფხულის თამაშები მედლის გარეშე დაასრულა.

ვარლამ ლიპარტელიანი არის ევროპის 3-გზის ჩემპიონი (2012, 2014, 2016), 4-გზის ვერცხლისა (2009, 2010, 2013, 2015) და ბრინჯაოს (2011) პრიზიორი, ასევე მსოფლიოს ვერცხლისა (2013) და ბრინჯაოს (2014, 2015) პრიზიორი. მსოფლიო თასებზე მოპოვებული აქვს ხუთი ოქროს მედალი. მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის 2-გზის ჩემპიონი ახალგაზრდებში. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება