ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ასევე ცხვედაძის ქუჩაზე
ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
როგორც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის
სხდომაზე განაცხადა, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე
საგზაო სამუშაოები იწყება.
„პროექტის პირველ ეტაპზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა
კომუნიკაციები განაახლა, მეორე ეტაპზე კი ვაკის რაიონის გამგეობა გზის საფარს,
დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე მთლიანად განაახლებს. შედეგად,
ერთკილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე გადაადგილება უფრო კომფორტული და
უსაფრთხო იქნება. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან,
დაახლოებით, 800 000 ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ვაკის რაიონის გამგეობა კიდევ ერთ პროექტს ცხვედაძის ქუჩის N60-ის
მიმდებარედ ახორციელებს და გრუნტის დამჭერ კედელს აწყობს.
„უსაფრთხოების მიზნით, აშენებული კედლის სიგრძე, დაახლოებით, 86 მეტრი,
სიმაღლე კი 10 მეტრამდე იქნება. მთლიანად ტერიტორიაზე 262 ხიმინჯი მოეწყობა
და მათი საერთო სიგრძე 2 100 მეტრს შეადგენს. დამცავი კედლის მშენებლობის
ღირებულება, დაახლოებით, 675 000 ლარი იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
