fbpx

ვაი, უბედურო წალენჯიხავ!..რეპრესიები წალენჯიხაში

ნაცების მიერ დემოკრატიის “ჰაბად” წოდებულ წალენჯიხაში რეპრესიები პიკს აღწევს.

ამჯერად, სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ კვარაცხელიამ თანანმდებობა დატოვა.

ძვირფასო მეგობრებო!

მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მქონია თვითმიზნად რაიმე ტიპის თანამდებობაზე ყოფნა, ერთ ათეულ წელზე მეტია ვმუშაობ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორად, თუმცა ამის გარეშეც (შეძლებისდაგვარად), ვცდილობდი ის საქმეები მეკეთებინა, რომელიც ძალიან მიყვარდა და ჩემს წალენჯიხას ისე ვედექი გვერდით, როგორც და რითაც შემეძლო. ლამის მთელი ცხოვრება სცენაზე გავატარე და იშვიათად თუ ჩატარებულა რაიმე სახის მასშტაბური ღონისძიება, სადაც სცენარის ავტორი და წამყვანი არ ვყოფილვარ, ან სიტყვით მაინც არ გამოვსულვარ. ხშირ შემთხვევაში ლამის მთელი ოჯახი ვიდექით სცენაზე მამასთან ერთად. იმის თქმა მინდა, რომ ხელოვნებისგან არასოდეს ვყოფილვარ შორს და ვფიქრობდი, რომ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრში (სადაც გადამიყვანეს), არ გამიჭირდებოდა მუშაობა, ცენტრში, სადაც მეტ ნაკლებად ყველა თანამშრომელს ვიცნობდი.

დანიშვნიდან რამოდენიმე დღეში იმდენმა სირთულემ იჩინა თავი, განცხადების დაწერა და სახლში წასვლა გადავწყვიტე, თუმცა არჩევანიც არ მქონდა, ბავშვები სკოლაში სწავლობდნენ და ხუთსულიან ოჯახში მარტო მე ვმუშაობდი. (ჩემი ქმარი კი ლამის შინაპატიმრობაში ყავდა იმჟამინდელ ხელისუფლებას!)

ჰოდა, შევეჭიდე რთულ სიტუაციას და რთულ სფეროს. ერთ ჭერქვეშ ორი განყოფილება ისეთ შენობაში მუშაობდა, სადაც სწავლა შეუძლებელი იყო, როგორც სასწავლო პირობების, ასევე შესაბამისი ფართის არ არსებობის გამო, გარდა ამისა, იყო შიდა პრობლემებიც. ბევრი წყენა, იმედგაცრუება, ლამის შეურაცხყოფაც კი მივიღე იმ ადამიანებისგან, რომელთა გვერდში დგომის იმედიც მქონდა…

და რომ არა ისინი, ვინც მამხნევებდნენ, სტიმულს მაძლევდნენ, მაიმედებდნენ, მაქსიმალურად ცდილობდნენ დღე და ღამე ჩემთან ერთად ემუშავათ, მე აქ ვერც და არც დავრჩებოდი. (ოჯახური სიტუაციის მიუხედავად).

ერთობლივი შრომის შედეგმაც არ დააყოვნა, რამოდენიმე წელში ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წარმატებული გახდა არა მარტო მუნიციპალიტეტში, არამედ რეგიონშიც, ჩვენი მოსწავლეები წარმატებით გამოდიოდნენ, როგორც ადგილობრივ ღონისძიებებზე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალებზე. (ოქროს თუ ვერცხლის მედლები, დიპლომები, სიგელები, თასები, მადლობის ბარათები და ა.შ.) ცენტრის ადმინისტრაცია და პედაგოგები მუდამ იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე და ერთგულად ემსახურებოდნენ და ემსახურებიან მოსწავლეების სკოლისგარეშე განათლებას. უნდა აღვნიშნო და მრავალგზის მადლობა გადავუხადო გერმანულ- ქართულ საზოგადოება ‘’კოლხისს’’ და ქალბატონ ნანა შანავას, რომელთა ძალისხმევითა და ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სრული რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, ჩვენი ანსამბლების წარმატებული კონცერტები გერმანიაში, უფასო წრეები, როიალი საჩუქრად და ა.შ

გული მწყდება იმაზე, რომ წალენჯიხას ჯერაც არა აქვს დამოუკიდებელი სამუსიკო სკოლის შენობა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ არაერთი წერილი გავაგზავნეთ კულტურის სამინისტროში, არაერთხელ პირადად შევხვდი კულტურის ყოფილ მინისტრებს თუ მათ მოადგილეებს, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდა ადგილობრივი ხელისუფლებაც, თუმცა ეს საკითხი ჯერაც აქტუალურია და მთავარ პრობლემად რჩება.

არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ამ ცენტრში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე, ის, რაც შემეძლო და ისიც, რაც შეუძლებელი მეგონა. შესაბამისად ჩავთვალე, რომ აქ, ამ თანამდებობაზე უკვე ჩემი ადგილი არ იყო. ვინც არ უნდა მოსულიყო მერად, მე გადაწყვეტილებას არ შევიცვლიდი, როცა ბ-ნი გიორგი ხარჩილავა (რომელთანაც რამოდენიმე წელი საკრებულოს საინფორმაციო სამსახურში ვმუშაობდი), მუნიციპალიტეტის მერი გახდა, პირადად ვთხოვე, ნებისმიერ სხვა, ისეთ პოზიციაზე გადაყვანა (და არა სახლში წასვლა!), სადაც არც სამსახურის უფროსი ვიქნებოდი, არც დირექტორი, არც მოადგილე, არც განყოფილების გამგე, თუნდაც ჩემსავე ა(აიპ)-ში. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ცენტრის ყველა დირექტორს გაათავისუფლებდნენ ჩემი და ლევან ქარდავას გარდა. დაგვტოვეს, თუმცა გაუგებარი იყო, რას ნიშნავდა ერთ თვიანი ხელშეკრულების გაფორმება ჩვენთვის, ხოლო ახალ დანიშნულთათვის 6-ით, გეგონება საცდელი ვადა მჭირდებოდა 12 წლიანი გამოცდილების მქონე ადამიანს, მაგრამ ეს საქციელი იმით გავამართლე, რომ სამსახურის შეცვლა თავად ვითხოვე, მერე როგორც გაირკვა, იგეგმებოდა რეორგანიზაცია და სწორედ ამ მიზეზით გასულ წელს შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობაც არ მომეცა. 1 მაისს მიმთავრდება ხელშეკრულების რიგით მე-16, ერთთვიანი ვადა, არც რეორგანიზაცია დაწყებულა ჯერ და არც ჩემს მიერ ნათხოვი ‘’ნებისმიერი ადგილი’’ გამოჩენილა, თუმცა, შემოთავაზება იყო (დაბალი ხელფასით, მაღალი პასუხისმგებლობით!), იყო შეპირებაც, მაგრამ არაფერი გადაწყვეტილა! ნუღა იტყვით, თურმე ‘’ვიჩქარე’’, ნუთუ ბატონო ალბერტ? 16 თვეში კი არა, ორ საათში არ შემოიყვანეთ ჩემს ცენტრში სამი ადამიანი ჩემივე ბრძანებით და თქვენი დაფინანსებით? ეს შესაძლებელია რა თქმა უნდა, კეთილი ნებაა მთავარი! აი, ჩემი ‘’საცდელი ვადა’’ კი ძაან გაჭიანურდა…

სამსახურის შეცვლაზე კი არა, სახლში წასვლაზე საკუთარი ხელით უნდა დამეწერა თურმე განცხადება, მაპატიეთ, რომ ამას აქამდე ვერ მივხვდი და ამდენი ლოდინი მოუწია იმ ადამიანს, ვინც ჩამანაცვლებს… უკვე იმდენი რამ დამიგროვდა იმაზე, თუ რატომ არა აქვს თქვენთან მუშაობას აზრი და დარჩენას რატომ სჯობდა წასვლა, რომ მართლა არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას! ჩემნაირი დაბალი დონის, განათლების, გამოცდილების ადამიანი არ შეეფერება თქვენი დემოკრატიული ჰაბის მაღალ სტანდარტებს, თუნდაც იმ, ჩემს მიერ ნათხოვ, ნებისმიერ, პატარა, სამოწყალო პოზიციაზე!.. აი, ცენტრს კი ისეთი ახალგაზრდა დირექტორი ჭირდება (თუმცა პენსიამდე შორია!), რომელიც უფრო დახვეწილ, თანამედროვე ღონისძიებებს დაგეგმავს და არა ვახტანგ ხარჩილავასნაირ ‘’რუსეთუმე’’ პოეტებს მოუწყობს შეხვედრას (აცხონოს უფალმა, ვერც მოესწრო, მომიტევეთ!). დირექტორი, რომელსაც არ შეეშლება კერპები, ბელადები, წინასწარ შეთანხმებული, ორკესტრირებული, ცენზურა გავლილი პიარ-ღონისძიებების მოწყობა, რათა ამის მიხედვით იქნეს მოწვეული შესაბამისი და მისაღები ტელე არხებიც. აი, თქვენი დემოკრატიის მაღალი სტანდარტი! ვაი, უბედურო წალენჯიხავ!..

რაც მეტს აკეთებ, რაც მეტს შრომობ, მით მეტი დაუმსახურებელი მოქნეული შოლტი გხვდება თურმე ადამიანს და ხშირად ისე, აზრზეც რომ არ ხარ რა დააშავე, სად შეცდი, რა გამოგრჩა, რა ვერ გათვალე, გეგონება სკკპ პერიოდის პატარა კომკავშირელი გოგო ხარ თითის ქნევით რომ აშინებენ და ახსნა-განმარტების დაწერას კულისებში თხოვენ! ვინც კარგად მიცნობს, ყველამ იცის, არც ამბიციური ვარ, არც პრეტენზიული და არც პატივმოყვარე, აი, თავმოყვარეობა ნამდვილად გამაჩნია!

და სანამ დაგტოვებთ, მადლობა ყველა გვერდში მდგომ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა იმ წარმატებებში, რასაც მივაღწიეთ, მადლობა ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს, ძალიან მიყვარხართ! მადლობა ერთგულებს, დამნახავებს, მადლიერებს და პირიქითაც!.. მადლობა, რომ გამომიმუშავეთ თმენის უნარი, რათა მორალური წნეხის პირობებშიც კი აქამდე მომეღწია!

მე როგორი სუფთა ხელებით, სუფთა სულით, გულით და სინდისით მოვედი, იგივეთი გემშვიდობებით, არანაირი ტკივილი და წყენა არ მიმყვება, პირიქით, ყველაფერი დავტოვე წარსულში და მას არასოდეს დავუბრუნდები! უფლის, საკუთარი თავის და თითეული თანამშრომლის წინაშე მართალი ვტოვებ ამ პოსტს და მომიტევეთ, თუ მეტის გაკეთება ვერ შევძელი…

დიდი იმედი მაქვს ცენტრის ახალი დირექტორი (ვინც არ უნდა იყოს!), ჩემზე უკეთესი მენეჯერი იქნება და უფრო მეტს შეძლებს და გააკეთებს თითეული თანამშრომლისთვის, მოსწავლისთვის, ცენტრის მეტი წარმატებისთვის და იმაზე მეტი მედალი, დიპლომი თუ სიგელი ექნებათ, ვიდრე ოდესმე. ასევე იმედი მაქვს, ახალი დირექტორი რამოდენიმე თანამშრომლის ფუნქციის შეთავსებასაც შეძლებს საჭიროების შემთხვევაში, უკეთესად გაართმევს თავს ამა თუ იმ განყოფილებისთვის სხვადასხვა საჭირო ნივთების შეძენის საკითხს ისე, რომ საკუთარზე არც კი იფიქრებს! ხო, მთავარი და მნიშვნელოვანი, ამ ცენტრში სკოლისგარეშე განათლებას ემსახურებიან და არ არჩევენ ბავშვებს მშობლების პოლიტიკური აღმსარებლობისა და კეკლუცობის მიხედვით, იგივე გაითვალისწინეთ თქვენც ქალბატონო თუ ბატონო დირექტორო და კიდევ, აქ მოსწავლეებს პატრიოტულ ლექსებს მარტო სცენისთვის არ ასწავლიან!.. გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს!

ვიცი, ბევრს გული დაწყდა ჩემი ამ გადაწყვეტილების გამო, ისინიც ვიცი, ვისაც გაუხარდა, ჰოდა გიხაროდენ, გილოცავთ! როგორც ხედავთ თქვენს სიამოვნებაზეც ვიფიქრე!

P.S. ცხოვრება, როგორც ფორტეპიანო, თეთრი და შავი კლავიშების მონაცვლეობაა, ხან მინორია, ხან მაჟორი, იმისთვის, რომ მოისმინო ნამდვილი მელოდია, უნდა შეეხო ორივეს. ცხოვრება ხან აღმართია, ხან დაღმართი, ცხოვრება ომია, სადაც ხან ვიგებთ, ხან ვაგებთ, მთავარია ყველა გამოწვევას გავუძლოთ და გავუძლოთ ღირსეულად! მშვიდობით!

თამრიკო კვარაცხელია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება