fbpx

ეს არის პირდაპირი მოწოდება, რომ საქართველო რაიმე ფორმით ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელ ომში-გია ცაგარეიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება არის პირდაპირი მოწოდება, რომ საქართველო რაიმე ფორმით ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე ომში.

გია ცაგარეიშვილის თქმით, საქართველო მშვიდობის გზაზე დგას და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოწოდება.

„ეს არის პირდაპირი მოწოდება, რომ საქართველო რაიმე ფორმით ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელ ომში, იმ უბედურებაში, რასაც პუტინის რუსეთი ატრიალებს უკრაინის ტერიტორიაზე. ცოტა გასაკვირი განცხადებაა, მითუმეტეს პარტნიორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან, რომელიც ანგარიშს უნდა უწევდეს ყოველ თავის ნათქვამს, მოსაზრებას. ამან ერთგვარად ხილული გახადა მცდელობა ძალიან ბევრი ადამიანისა, თუ პოლიტიკური ორგანიზაციისა, მათ შორის საქართველოში მიმართული იქითკენ, რომ ჩვენი ქვეყანა როგორმე ჩაერთოს ამ კონფლიქტში და ე.წ. მეორე ფრონტი გაიხსნას საქართველოში. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, მიუღებელი მოწოდება ჩვენთვის.

ჩვენ ვადგავართ მშვიდობის გზას და ამ გზაზე სიარულს გავაგრძელებთ, ამას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის გაცხადებული პოლიტიკა დღევანდელი ხელისუფლებისა. ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ადამიანები გაღიზიანებული არიან ამგვარი პოლიტიკის განხორციელების გამო, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ მოგვიწოდებენ და გვიკიჟინებენ კიდევ იქითკენ, რომ საქართველო როგორმე ჩართოს თავის ტერიტორიებზე, თავის ქვეყანაში ომში.

ყველა კარგად ხვდება, ეს რისი მომტანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. 2012 წიდან მოყოლებული, გაცხადებული პოლიტიკა არის, რომ ჩვენ ჩვენს ტერიტორიებს დავიბრუნებთ, მაგრამ იქნება მშვიდობიანი დაბრუნების პროცესი, რომელიც საკმაოდ გრძელვადიანი იქნება. ბუნებრივია, არ იქნება მარტივი, მაგრამ არამც და არამც ჩვენ არ ვაპირებთ სამხედრო ოპერაციების გზით, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს. ეს არც ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს არ დაეხმარება იმაში, რომ უკრაინაში დაისადგუროს გრძელვადიანმა მშვიდობამ, განიმუხტოს იქ მდგომარეობა. არამგონია, საღად მოაზროვნე ადამიანის, თუ ის მტრად არ არის მოკიდებული ამ ქვეყანაზე, ინტერესებში შედიოდეს საქართველოს ომის ქარცეცხლში გახვევა“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ამასთან, ცაგარეიშვილის განმარტებით, საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანა როგორმე  ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში. გია ცაგარეიშვილის შეფასებით, მეგობარ ქვეყანაში წარმოებულ ომს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„ხშირ შემთხვევაში თანხვედრაა ამგვარ განცხადებებში, ხშირ შემთხვევაში ვისმენ საქართველოში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან. ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ, თუმცა საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ, საქართველო როგორმე ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, იმას კი ვერ ფიქრობენ, რა შეიძლება მოყვეს ამას. რაც ყველაზე მეტად ცინიკური და ამორალურია, მეგობარ ქვეყანაში წარმოებულ ომს, პუტინის მიერ გაჩაღებულ უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტვას იყენებენ თავისი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის. ასე მოქმედებს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, ამ პარტიამ ზნე ვერაფრით შეიცვალა, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ხელისუფლების სათავეში მობრუნდნენ. ქვეყნის შიგნით არაფერი გამოუვიდათ, არც გამოუვათ არასოდეს, ახლა აპირებენ ამ უბედურების გადმოტანას საქართველოში და ამის ფონზე როგორმე ქვეყნის სათავეში მობრუნებას. ეს არის თვალში საცემი, მუდმივი გადაძახილი ურთიერთთან, მათ შორის იმ ჩინოვნიკებისა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საქართველოში იყვნენ და არიან ძებნილები და თავს აფარებენ უკრაინას“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება