fbpx

ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის,
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს. ემიგრაციაში
გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე,
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გენერლის ოჯახის წევრები
დაესწრნენ.
ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის საქართველოში ჩამოსვენების თემაზე
მუშაობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო
და მისი ძალისხმევით დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლ გენერალს მშობლიურ
მიწას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მიაბარებენ.
წითელი ხალიჩის გასწვრივ განლაგებული საპატიო ყარაულის წარმომადგენლები გენერლის
ნეშტს საქართველოს სახელმწიფო და პირველი რესპუბლიკის დროშებით დახვდნენ.
სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ დამსწრე პირებმა წუთიერი დუმილით პატივი
მიაგეს გენერალ კვინიტაძის ხსოვნას.
აეროპორტიდან გენერლის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, სადაც 26 მაისამდე
სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს
გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში
სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და
პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე
ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების
პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და
იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა
ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის
მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების
მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი
კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში
წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება