fbpx

ერთი საგანგებო ნიშანი აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ეს არის არამხოლოდ პროდასავლურობა, არამედ უმაღლესი ხარისხი ჩვენი თანამშრომლობისა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან-გია ვოლსკი

ვფიქრობ, რომ დოკუმენტში ის ერთი წინადადება საკმაოდ განსწავლული, აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, სადაც ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირედ არის მოხსენიებული. ვოლსკის განცხადებით, დოკუმენტში ჩაწერილი ერთი ფრაზა, სრულ წინააღმდეგობაში მოდის დანარჩენ ტექსტთან.

„ერთი საგანგებო ნიშანი აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ეს არის არამხოლოდ პროდასავლურობა, არამედ უმაღლესი ხარისხი ჩვენი თანამშრომლობისა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საინტერესოა, რომ ერთი ფრაზა სრულ წინააღმდეგობაში მოდის დოკუმენტში მოცემულ მთელ დანარჩენ კვლევასთან, დასკვნებთან, რომელიც ხაზს უსვამს ამ თანამშრომლობის მაღალ დონეს. მე შემიძლია მოვიყვანო რუსეთისათვის ხელშეწყობის მაგალითები, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა დღევანდელმა ქვედანაყოფებმა ხელი შეუწყვეს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ამიერკავკასიაში. ამის საპირისპირო მაგალითი არ ჩანს არც ზედაპირზე და არც სიღრმეებში. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ, რომ ის ერთი წინადადება საკმაოდ განსწავლული, აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დოკუმენტში, სახელწოდებით: „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, რასაც ხელს აშშ-ის 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს, საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, – ნათქვამია დოკუმენტში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება