fbpx

ელენე ნიჟარაძე-ISFED-ისთვის ახლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია

ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება, ISFED-ისთვის ახლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ის გამოეხმაურა ორგანიზაციის მიერ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დაზუსტებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

„ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება. ISFED-ისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის და მისი თითოეული თანამშრომლისთვის ეხლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია. მე რაც ორგანიზაციაში ვარ, 2012 წლიდან ასეთი მძიმე გამოწვევა ორგანიზაციას არ ჰქონია. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მხნეობისა და გამძლეობისთვის. პირადად ჩემი და ორგანიზაციის სახელით უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სტატუსით თუ სხვა სახით მხარდაჭერა გამოხატა და გვერდში გვიდგას ძალიან ვაფასებთ და ყველაზე მეტად ეხლა გვჭირდება ეს მხარდაჭერა.

ვიცი, რომ ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს. სამწუხაროდ, გვიწევს ხოლმე ასეთ მძიმე ფაქტებთან შეჯახება ცხოვრებაში და ამ დროს, ეტყობა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობა მივიღოთ და როგორმე გავუმკლავდეთ. ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ შევეცადეთ ეს მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე.

დარწმუნებული ვარ, ბევრი კითხვა იქნება. შეგიძლიათ დამირეკოთ, მომწეროთ პირადში და შევეცდები ყველას გიპასუხოთ. ყველას ეხება ეს, როგორც მეგობრებს, ასევე ჟურნალისტებს. მოკლედ, არ მოგერიდოთ და შემაწუხეთ. ბრიფინგი დაგეგმილი არ მაქვს, თუმცა შეიძლება დღის განმავლობაში ჩავნიშნოთ და ამასაც ყველას შეგატყობინებთ.

კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!“ – წერს ელენე ნიჟარაძე.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.

გაუზიარე!

Shares