fbpx

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო განახლებადი ენერგიის საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო განახლებადი ენერგიის საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც წელს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა.

რომეო მიქაუტაძემ მოხსენება გააკეთა პანელური დისკუსიის სესიაზე, რომელზეც განხილული იყო განახლებადი ენერგიის მნიშვნელობა სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესში.

რომეო მიქაუტაძემ ხაზი გაუსვა ადგილობრივი განახლებადი ენერგიის რესურსების მაქსიმალური ათვისების მნიშვნელობას ენერგეტიკული სექტორის ტრანსფორმაციის პროცესში. მან დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების ახლადამოქმედებული მხარდაჭერის სქემის – აუქციონის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, ახალი მხარდაჭერის მექანიზმი ინვესტიციების მოზიდვასა და სექტორში ახალი პროექტების განხორციელებაში სასიცოცხლოდ აუცილებელ როლს შეასრულებს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები. მომხსენებლებს შორის იყვნენ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი, ნიდერლანდების ენერგეტიკის მინისტრი რობ ჯეტენი, განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) გენერალური დირექტორი ფრანჩესკო ლა კამერა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკის ქსელის 21-ე საუკუნისთვის (REN 21) პრეზიდენტი არტუროს ზერვოსი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება