fbpx

ეკა სეფაშვილი: „BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გლობალური თაღლითური სქემის უკან კეზერაშვილის დგომაზეა საუბარი, სერიოზული ბრალდებაა იმისთვის, რომ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიება დაიწყოს“

„როდესაც BBC ჟურნალისტურ გამოძიებას იწყებს და ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების პროცესში, ამა თუ იმ კომპანიების მფლობელებზე ინფორმაციის შეგროვებისას, ყველა კვალი კეზერაშვილთან მიდის, ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის მტკიცებულება, რომ ვინმეს კეზერაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა შეეძლოს, მაგრამ, არის ძალიან სერიოზული ბრალდება სწორედ იმისთვის, რომ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიება დაიწყოს“, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დავით კეზერაშვილის ფინანსების წარმომავლობაზე კითხვა უკვე საერთაშორისო დონეზე დაისვა, ასევე საინტერესო ხდება, რა ფულს იღებენ მის მიერ დაფინანსებული პარტიები და მედიები.

„BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ეს ჟურნალისტური გამოძიება რამდენიმე ფაქტორის გამო არის მნიშვნელოვანი. დავიწყოთ იმით, რომ BBC ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მედიასაშუალებაა, სადაც მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის პრინციპი უმაღლეს დონეზეა დაცული. მათი მაუწყებლობის ქცევის კოდექსს გავეცანი იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტშიც, მაუწყებლობის შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ, რაც ასოცირების დღის წესრიგით იყო განპირობებული. BBC-ში მიუკერძოებლობის იმდენად მაღალი სტანდარტია, რომ გაგიკვირდებათ. ზედმეტად, ეპითეტის გამოყენების უფლებაც კი არ აქვთ საინფორმაციო გადაცემებში, იმის გამო, რომ მიკერძოებულობაში არ ჩაეთვალოთ და რაიმე პოზიცია არ დააფიქსირონ. აქედან გამომდინარე, როდესაც BBC ჟურნალისტურ გამოძიებას იწყებს და ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების პროცესში, ამა თუ იმ კომპანიების მფლობელებზე ინფორმაციის შეგროვებისას, ყველა კვალი კეზერაშვილთან მიდის, ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის მტკიცებულება, რომ ვინმეს კეზერაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა შეეძლოს, მაგრამ, არის ძალიან სერიოზული ბრალდება სწორედ იმისთვის, რომ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიება დაიწყოს.

გვახსოვს შარშან, გერმანელ სამართალდამცავებთან ერთად ანალოგიური ბრალდება იყო წაყენებული. ჩვენი გერმანელი კოლეგები სწორედ ამ საკითხს იკვლევდნენ და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს სამართალდამცავებთან თანამშრომლობდნენ. ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი მიღწევაა, რომ შეთანხმება გვაქვს დადებული, ასეთი ტიპის დანაშაულის გამოძიებისას ერთობლივად ვიმოქმედოთ. ველოდები, რომ  ეს ყველაფერი მალე გაცილებით უფრო საფუძვლიანი იქნება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.  ამის თქმის საფუძველს თვითონ BBC-ის მაღალი სტანდარტი მაძლევს.

შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ ვიხილეთ, რომ კეზერაშვილი წარდგა ქართული სასამართლოს წინაშე, სადაც ჯარისგან 5 მილიონი დოლარის  არაკანონიერი გზებით მითვისება  დაუმტკიცდა.  სულ ცოტა ხანში კი ვიხილეთ კეზერაშვილის გამოსვლა ტელევიზიით, სადაც ის ამბობდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ტელევიზიებს აფინანსებს. ანუ, პირდაპირ მონაწილეობს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შესაბამისად, ასეთი კითხვა მებადება: თავისთავად ცხადია, რომ მის მიერ მოპოვებული თანხები არის არაკანონიერი, ანუ ე.წ. შავი ფული. როგორ აფინანსებს ის ტელევიზიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს? შავი ფულით? ეს სერიოზულად დასაფიქრებელი საკითხია და ასეთი საკითხების მოგვარების ერთ-ერთი საშუალება იყო ჩვენ მიერ ინიციირებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, BBC-ის ამ სტატიამ ის ევროპარლამენტარებიც ამხილა, რომლებიც დავით კეზერაშვილს „მედიამენეჯერს“ უწოდებდნენ და მის მიმართ საქართველოში დაწყებულ გამოძიებას „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას“ უწოდებდნენ.

„აღსანიშნავია, რომ შარშან ივნისში გამოიცა, ე.წ. პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარების რეზოლუცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თურმე კეზერაშვილს დევნის ქართული ხელისუფლება და ეს არის საქართველოში თავისუფალი მედიის ხელყოფა და შეზღუდვა. მე მათ პოლიტიკოსებს საერთოდ არ ვუწოდებ, ისინი არიან ჩვეულებრივი მოსყიდული ადამიანები. ჩვენ მაშინაც ვთქვით და ახლა კიდევ უფრო დარწმუნებით შეგვიძლია  გავიმეოროთ, რომ ეს რეზოლუციები, რომელთაც ევროპარლამენტი იღებს, არის ძალიან დიდი სირცხვილის ლაქა ევროპარლამენტარების რეპუტაციისთვის. მათ არა მარტო მიიღეს ეს რეზოლუცია, არამედ მოახერხეს სხვა დეპუტატების აყოლიებაც, რაც ევროპარლამენტისთვის კიდევ უფრო დიდი სირცხვილია. ვფიქრობ, ეს თემა უნდა გაჟღერდეს ხოლმე იმ დიპლომატიურ ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრებში, სადაც საქართველო მონაწილეობს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკა კი უნდა იყოს ისეთი, რომ როდესაც ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, ცოტა უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდონ ფაქტებს და ელემენტარულად გადაამოწმონ, მიღებული ინფორმაცია რამდენად შეესაბამება სიმართლეს.

გავიხსენებ პირველი რეზოლუციის მიღების ფაქტს, რომელიც, სხვათა შორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ეხებოდა. ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა, რომელიც  საქართველოს კრიტიკით გამოირჩევა, მას ხელი არ მოაწერა იქიდან გამომდინარე, რომ საფუძველს ვერ ხედავდა. ასევე იყო საქართველოს შესახებ ანგარიში, რომელსაც თვითონ ავტორმა არ მოაწერა ხელი, იმდენი ცვლილება შევიდა თავდაპირველ ვერსიაში. ე.ი. ესე იგი ადრე ევროპარლამენტარები პატიოსნებასა და ობიექტურობას მეტად იჩენდნენ. ალბათ, კარგი იქნება, ამ მიმართულებით სვლას თუ გააგრძელებენ და ასე სასაცილოდ არ გაიხდიან თავს. თუ ადრე, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ეს რეზოლუციები სიმართლეს არ შეეფერებოდა და იურიდიული ტერმინი რომ ვიხმაროთ, „ჩვენი სიტყვა მათი სიტყვის საწინააღმდეგოდ“ იყო, ახლა გამოდის, რომ ჩვენი სიტყვა უკვე არა მარტო ჩვენ მიერ მოპოვებული ფაქტებით, არამედ უკვე ევროპის ყველაზე პრესტიჟული და რეიტინგული გამოცემის, BBC-ის საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ მოძიებული ფაქტებითა და არგუმენტებითაა გამყარებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად მართლები ვიყავით ამ სიტუაციაში. მათ თავის დროზეც იცოდნენ, რომ ტყუილზე აწერდნენ ხელს, მაგრამ შეგნებულად წავიდნენ ამაზე, რადგან ისინიც ფიქრობდნენ, რომ საზოგადოებისთვის მთავარია აღქმები. მაგრამ ცრუ ნარატივზე, დეზინფორმაციასა და ტყუილზე აგებული აღქმების ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ როგორც წესი, ძალიან მალე გაცამტვერდება ხოლმე. ახლა ისიც ვიხილეთ, რომ ხუხულასავით ჩამოენგრათ თავიანთი რეზოლუციის მტკიცებულებები და ისიც, რომ მათ რეპუტაციას ისეთი ზიანი ადგება, რომლის ჩამორეცხვაც შეუძლებელია. როგორც ვამბობთ ხოლმე საქართველოში, სახელის გატეხას თავის გატეხა გერჩივნოსო. ფაქტობრივად, სახელგატეხილნი არიან ეს ევროპარლამენტარები. მართალია, არც მანამდე აკლდათ სახელის გატეხა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ საფუძვლიანად არის მათი რეპუტაცია შერყეული და ამიერიდან როგორი რეზოლუციაც არ უნდა „გამოაცხონ“ საქართველოს წინააღმდეგ, ქართულ საზოგადოებაში ძალიან დაბალი ნდობა ექნება. ალბათ, დაიჯერებენ ისევ მათი მომხრეები, ან ისინი, ვისაც უნდა, რომ საქართველოს რეპუტაციას რაიმე ზიანი მიადგეს, ხოლო ჩვენი ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივარი, რომელიც შეიძლება, ობიექტურად იყოს დაინტერესებული, რამე ცუდი ხომ არ მოხდა საქართველოში, უკვე ნამდვილად აღარ დაუჯერებს მათ შექმნილ ტყუილზე დაფუძნებულ რეზოლუციებს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრი და დეპუტატი დეოლიგარქიზაციის შესახებ პარლამენტში მიმდინარე მსჯელობასაც შეეხო და განმარტა, რომ კანონი პირდაპირ დავით კეზერაშვილს ესადაგება.

„პარლამენტი მსჯელობს დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ და კეზერაშვილი სრულად შეესაბამება ამ კანონის განმარტებას ოლიგარქიის შესახებ, რადგან კანონის განმარტების თანახმად, ოლიგარქია პიროვნება, რომელიც ფლობს დიდძალ ფულად სახსრებს, მედიას და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერევა. ეს არის ის სამი ძირითადი კრიტერიუმი, რითაც დასტურდება ამა თუ იმ ადამიანის ოლიგარქობის სტატუსი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება