fbpx

ეკა სეფაშვილი: სხვადასხვა სარეიტინგო კომპანიების მიხედვით, საქართველოს საინვესტიციო რეიტინგი უმჯობესდება – ეს არის გაკეთებული საქმე, ხოლო ოპოზიციის მიერ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები არის ზუსტად ის, რაც ხელს უშლის ქვეყანაში ინვესტიციების უფრო დიდი დოზით შემოდინებას

„მადლობა ეკონომიკის სამინისტროსა და მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებას იმისათვის, რომ ოპოზიციისგან შექმნილი პრობლემებისა და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, მაინც ხერხდება და ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება,“ – ასე დაიწყო თავისი სიტყვით გამოსვლა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა მინისტრის საათის ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოსმენისას.
სეფაშვილმა ისაუბრა ეკონომიკის სამინისტროს როლზე ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და სხვადასხვა სფეროების განვითარებაზე.

„ერთადერთი „რჩევა“ მოვისმინე აქ, ჩემი წინა გამომსვლელისგან [გიორგი ვაშაძისგან], დაელაპარაკეთ ინვესტორებსო. ოღონდ, უნდა აღვნიშნო, რომ ამას მხოლოდ ლაპარაკი არ შველის.
პირველ რიგში, ქვეყანაში უნდა არსებობდეს სტაბილური და მშვიდობიანი ვითარება, რომ ინვესტორს არ ჰქონდეს იმის შიში, აქ ჩამოვიდეს და ფული დააბანდოს. სწორედ ამას ემსახურება ეკონომიკის სამინისტროს მიერ გატარებული ის მრავალრიცხოვანი ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში სტაბილურობის შექმნას ემსახურება. სხვადასხვა სარეიტინგო კომპანიების მიხედვით, საქართველოს საინვესტიციო რეიტინგი უმჯობესდება და პოზიტიური განვითარებით ხასიათდება. ეს არის გაკეთებული საქმე, ხოლო ოპოზიციის მიერ ჩატარებული პიარკამპანიები, ომისკენ მოწოდებები, საქართველოს დადანაშაულება ე.წ. შავი ხვრელების არსებობაში და ა.შ. არის ზუსტად ის, რაც ხელს უშლის ქვეყანაში ინვესტიციების კიდევ უფრო მეტი დოზით შემოდინებას. პირიქით, ამ ფონზე ახლა რა დოზითაც შემოდის ინვესტიციები, ესეც კი გასაკვირია და მადლობა ეკონომიკის სამინისტროსა და მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებას იმისათვის, რომ ოპოზიციისგან შექმნილი პრობლემებისა და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, მაინც ხერხდება და ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება.
ხაზი მინდა გავუსვა იმ ძირითად მიმართულებებს, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც, უმუშევრობა იქნება, მიგრაცია, დაბალი ხელფასები თუ ლარის კურსის სტაბილურობა, ამ პრობლემების გადაჭრის ერთადერთი წამალია. ეს ერთადერთი წამალი არის ეკონომიკური ზრდა, რომელსაც საქართველო ახერხებს და ბოლო თვის მონაცემებით ეს 9,5 %-ია, რაც ძალიან დიდი ციფრია. მინდა გამოვყო ეკონომიკის სამინისტროს განსაკუთრებული როლი იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავს ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ბიზნესის განვითარებისთვის. ეს არის სწორედ ის სფერო, სადაც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები იქმნება და სადაც დამატებითი ღირებულება ყველაზე უფრო მაღალია. ეს არის სწორედ ის მიმართულება, რაზეც საქართველომ ყველაზე დიდი აქცენტი უნდა გააკეთოს. ვიცე-პრემიერის ანგარიშსა და მოხსენებაში სწორედ ამ ძირითად მიმართულებებზე იყო მნიშვნელოვანი ინფორმაცია. კერძოდ, ის, რომ მთელი რიგი შეღავათები არის დაწესებული ინოვაციური ბიზნესების განვითარებისთვის.
ასევე, გამოყოფილია სამი ტექნოლოგიური მიმართულება. პირველი, ეს არის ხელოვნური ინტელექტი, რაც მსოფლიო ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებს მიჰყვება. მეორე, ეს არის ე.წ. ფაგების, ანუ, ბუნებრივი ანტიბიოტიკების წარმოება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობასა და მისი ზრდის პოტენციურ შესაძლებლობებზე. ასევე, აგროტექნოლოგიები, რაც ჩვენი ქვეყნის შეფარდებითი უპირატესობაა, რომლის გაბათილება მეტოქეს ადვილად არ შეუძლია. სწორედ ამაზე უნდა იყოს დაფუძნებული ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობა და ჩვენი ბიზნესების მყარი პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე. იმ საერთაშორისო ბაზრებზე, რომლის მოპოვებისათვის უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა ეკონომიკის სამინისტრომ და დღეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მსოფლიოს თითქმის ერთ მესამედთან გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ 2,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ბაზარზე გვაქვს თავისუფალი წვდომა. ამას აკეთებს ეკონომიკის სამინისტრო და თუ ოპოზიციის მხრიდან ვინმე რამე უკეთესს შემოგვთავაზებს, რომ კიდევ გავზარდოთ მუშაობა ამ მიმართულებით, ან ამაზე უკეთესი გავაკეთოთ, გვითხარით, ბატონებო, ნუ გვიმალავთ. ჩვენ გვიმალავთ თუ მოსახლეობას?“ – განაცხადა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება