fbpx

ეკა სეფაშვილი ვეტინგის სისტემაზე: რა გარანტია გვაქვს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც მოსამართლეები უნდა შეარჩიოს, ჩვენზე მეტად კეთილსინდისიერია?

„ოპოზიცია ძალიან დიდ დეზინფორმაციას ავრცელებს და მანიპულაციურად, ინფორმაციის მხოლოდ ნაწილს უმჟღავნებს საზოგადოებას,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა და განმარტა, რომ ეს დეზინფორმაცია ამჯერად, მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობას ეხება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი წინსვლის გზაზე, ევროპის საბჭოს ერთ-ერთი მოთხოვნაა.

„ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველის. საქმე ეხება ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმას, კერძოდ, მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას. აქ საუბარი ეხება მართლმსაჯულების სისტემას, რაზეც ოპოზიცია ძალიან დიდ დეზინფორმაციას ავრცელებს და მანიპულაციურად, ინფორმაციის მხოლოდ ნაწილს უმჟღავნებს საზოგადოებას. ამით ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.
კერძოდ, ისინი ისე წარმოაჩენენ ვეტინგის სისტემას, თითქოს მისი შემოღება-არ შემოღების საკითხი საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის წინაპირობას უკავშირდება, რაც არის სრული ტყუილი. ევროკომისია არ დგამს ამ ნაბიჯს და ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ის აყენებს, ეხება მეტ გამჭვირვალობას. მეტი გამჭვირვალობა კი, უზრუნველყოფილია კანონით. საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეებთან გასაუბრება ხდება სხვადასხვა ფორმით, საჯაროდ და ყველას შეუძლია კითხვები დასვას. ხოლო ის ვითომდა გამჭვირვალობის კრიტერიუმი, რასაც ოპოზიცია მოითხოვს ვეტინგის სისტემის საშუალებით, გულისხმობს იმას, რომ ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერება და მათი ქონების წარმოშობის კანონიერება უნდა შეამოწმოს უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანმა, ელჩმა ან მოქალაქემ.
აქ მე ოპოზიციასთან მაქვს ერთი კითხვა – სხვა ბერკეტი არ არსებობს, რომ ჩვენი მოქალაქის და კერძოდ, ამ შემთხვევაში მოსამართლის ქონების წარმოშობის კანონიერებაზე ვიფიქროთ? ჯერ ერთი ეს და მეორე, რატომ მოსამართლე? ნებისმიერი ადამიანი უნდა ასაბუთებდეს თავისი ქონების წარმომავლობის კანონიერებას. არაკანონიერი გზით მიღებული ქონება ყველასათვის დაუშვებელია და ნებისმიერი პიროვნების შემთხვევაში ის კანონით ისჯება.
მერე რატომ უცხო ქვეყნის მოქალაქე? რა გარანტია გვაქვს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩვენზე მეტად კეთილსინდისიერია. მე შეგახსენებთ ევროპარლამენტში განვითარებულ კატარგეითის ძალიან დიდ სკანდალს, რომელიც ეხებოდა მათ მიერ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ტყუილი რეზოლუციების მიღებას. ასევე შეგახსენებთ „ფარას“ დოკუმენტებში გაჟონილ ინფორმაციას, რომელიც გულისხმობდა საქართველოს დამაზიანებელი განცხადებების გავრცელებისთვის ლობისტების დაფინანსებას. მაგალითად, იყო ასეთი აშშ-ს ელჩი იან კელი, რომელმაც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, საქართველოს ხელისუფლების დამაზიანებელი განცხადებები გაავრცელა. ანუ, ეს სისტემა აბსოლუტურად მიუღებელია და იმ მიზნების მიღწევა, რაც წერია და გულისხმობს მეტ გამჭვირვალობას, სხვა სისტემების მეშვეობითაც შესაძლებელია,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ისინი, როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, აუცილებლად შესასრულებელი არაა და ევროკომისია მხოლოდ გვირჩევს გავეცნოთ ამ რეკომენდაციებს. მანვე აღნიშნა, რომ ამ თემით ოპოზიცია ადრეც სპეკულირებდა. „როდესაც საუბარი იყო სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ოპოზიცია მაშინაც სპეკულირებდა შემდეგ თემებზე: თუ რუსეთთან ორმხრივი ფრენები არ გავაუქმეთ, არ მოგვცემენ სტატუსს; ასევე, თუ არ გადავდგამთ უკრაინის მხარდამჭერ ნაბიჯებს, როგორიცაა მოხალისეების გაგზავნა, ან საბრძოლო „ბუკების“ გაგზავნა; ბრალს დებდნენ ხელისუფლებას და „ხალხის ძალას“ ანტიდასავლურ რიტორიკაში, რომელიც რეალურად სიმართლის ხაზგასმასა და ფაქტების გაშიშვლებას ემსახურებოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველომ მიიღო სტატუსი დამსახურებულად, ღირსეულად, ისე, რომ ცალ ფეხზე არ ვიხტუნავეთ,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება