fbpx

ეკა სეფაშვილი: ერთადერთი, რაც შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ, არჩევნებში ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას

„ჩვენ „ქართული ოცნების“ ღირებულებებს და პოლიტიკას არ ვემიჯნებით,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ პოლიტიკურ ძალებთან მიდის კონსულტაციები მოძრაობა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის საკითხზე და გარდაიქმნება თუ არა ის პარტიად საპარლამენტო არჩევნებისთვის.
„ეს თემა ახალი არ არის, ჩვენ პოლიტიკიდან წასვლას არსად ვაპირებთ, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ამა თუ იმ ფორმით არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე მიდის მსჯელობა. იმასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბდეს, თუ არა პარტიად ჩვენი მოძრაობა, მსჯელობა მიდის მისი დაარსების დღიდან. ბევრჯერ გაგვიგია ხალხისგან მოთხოვნა მოძრაობის პარტიად გარდაქმნაზე, ძალიან ბევრს ისედაც პოლიტიკური პარტია ჰგონია ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი და მოძრაობა. ასე რომ, მე ვფიქრობ, პოლიტიკურ ფორმას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ გავაგრძელებთ ჩვენი დღის წესრიგით იმ ძირითად თემებს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოება მოვამარაგოთ კულუარული ინფორმაციით, გავაცნოთ ჩვენი პოზიციები და ანალიზი, რათა იყოს ინფორმირებული და სწორი და მყარი არჩევანი გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მხარი და რომელი პოლიტიკური ძალა ზრუნავს ხალხისა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, ერთი რამ, რაც ემ ეტაპზე ცნობილია, მოძრაობა არ ემიჯნება „ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტიკურ ღირებულებებს. „ერთადერთი, რაც შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ, არჩევნებში ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენ „ქართული ოცნების“ ღირებულებებს და პოლიტიკას არ ვემიჯნებით. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ჩვენ უფრო მეტი დოზით და ღიად ვესაუბრებით ხალხს იმაზე, რაზეც მმართველ გუნდს, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ გუნდს გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ შეუძლია საუბარი და თავს იკავებს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება