fbpx

ეკა სეფაშვილი: ევროინტეგრაციის კურსის გაგრძელების მიზნით, პოზიტიური ნაბიჯია თუ გამჭვირვალობის კუთხით, გარკვეულ ნაბიჯებს გადავდგამთ – შემდგომში ცოტა უფრო მკაცრი ევროდირექტივის დანერგვა ნაკლებ პრობლემებს გამოიწვევს საქართველოში

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ წინა წლებში სწორედ ევროკავშირის მხრიდან იყო მოთხოვნა არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის გაზრდის შესახებ, ამჟამადაც, ევროპარლამენტი განიხილავს ევროკომისიის დირექტივას გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც სწორედ გარე ძალების ჩარევის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას გულისხმობს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობის მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიას განუცხადა.

მისი განმარტებით, ევროკომისიის დირექტივა გამჭვირვალობის შესახებ უფრო მკაცრია, ვიდრე საქართველოში ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

სეფაშვილის თქმით, საქართველოს უფრო მკაცრი ევროდირექტივის მიღება მოუწევს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ.

„კანონი საჭიროა იმისათვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი გამტკიცდეს და ამის მიღწევას ჩვენ ვცდილობთ გამჭვირვალობის გაზრდით იმ სექტორში, რომელიც აქამდე სრულიად გაუმჭვირვალე იყო. საზოგადოებას შევახსენებ, რომ წინა წლებში სწორედ ევროკავშირის მხრიდან იყო მოთხოვნა არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის გაზრდის შესახებ, ამჟამადაც, ევროპარლამენტი განიხილავს ევროკომისიის დირექტივას გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც სწორედ გარე ძალების ჩარევის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას და ფართო მასებისთვის მი ხელმისაწვდომობას გულისხმობს. თუმცა, ევროდირექტივა გაცილებით უფრო მკაცრია და სულ მალე, როდესაც ის დამტკიცდება ევროპარლამენტში, ეს იქნება 27 წევრი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილი – როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ჩვენც მოგვიწევს ამ ევროდირექტივის მიღება. მანამდე კი, ევროკავშირთან დაახლოების და ევროინტეგრაციის კურსის გაგრძელების მიზნით, ძალიან პოზიტიური ნაბიჯია ამ მიმართულებით, თუ გამჭვირვალობის კუთხით, გარკვეულ ნაბიჯებს გადავდგამთ. როდესაც ევროკავშირის წევრი გავხდებით, 5-6 წელიწადში, შემდგომში ცოტა უფრო მკაცრი ევროდირექტივის დანერგვა ნაკლებ პრობლემებს გამოიწვევს, ვიდრე ახლა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება