fbpx

ეკა სეფაშვილი: საქართველო ეკონომიკურად იმდენად მიმზიდველი გახდება პოლიტიკური სტაბილურობის და უსაფრთხოების ფონზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც ძალიან მიმზიდველი იქნება ჩვენს სივრცეში დაბრუნება

„ეკონომიკური კეთილდღეობა და მშვიდობის შენარჩუნება არის ის ორი ძირითადი მაგისტრალი, რასაც მმართველი ძალის დეოკუპაციის პოლიტიკა ემყარება“ , – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პროგნოზი, რომ შესაძლოა საქართველომ 2030 წლისთვის ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს, სრულიად მოსალოდნელია, რომ გამართლდეს.

„შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, 2015 წელს, როცა ეკონომიკური ჯგუფის მიმართულებებს განსაზღვრავდა, თქვა, რომ 2030 წელს საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდებოდა. სხვათა შორის, ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზებით დამტკიცდა. ვუყურებთ საქართველოს შთამბეჭდავ, ეკონომიკურ ზრდას და, ამავდროულად, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისათვის მშვიდობიანი პოლიტიკა გვაქვს გამოცხადებული. ყველაფერს ამას თუ დავაჯამებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველო ეკონომიკურად იმდენად მიმზიდველი გახდება პოლიტიკური სტაბილურობის, უსაფრთხოების, მშვიდობის დაცვის სფეროში, ასევე, კეთილდღეობის გაზრდისა და შენარჩუნების თვალსაზრისით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც ძალიან მიმზიდველი იქნება ჩვენს სივრცეში დაბრუნება. ასევე, რუსეთს, ამასთან დაკავშირებით, ალბათ, მოუწევს გარკვეულ კომპრომისზე წასვლა.
ეკონომიკური კეთილდღეობა და მშვიდობის შენარჩუნება არის ის ორი ძირითადი მაგისტრალი, რასაც ჩვენი დეოკუპაციის პოლიტიკა ემყარება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება