fbpx

ეკა სეფაშვილი: ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, რომელიც მსჯელობს, მისცეს თუ არა დახმარება უკრაინას, ფაქტობრივად პირდაპირ შეატოვა ის რუსეთს, რომელიც არ იღლება და ამ ყველაფრისკენ მოგვიწოდებდნენ ჩვენც გარე ძალები

საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მხარდაჭერის განელების თემას შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი, რომელმაც გაიხსენა, თუ როგორი მხარდაჭერა ჰქონდა ქვეყანას ომის დაწყების პირველ ეტაპზე და როგორ შეიცვალა ვითარება ამჟამად. მანვე აღნიშნა, რომ გარე ძალები საქართველოსაც ასეთი ტიპის დასასრულისთვის ამზადებდნენ, რაც საზოგადოებამ და ხელისუფლებამ თავიდან აიცილა.

„გარემოებები მიუთითებს იმ უცილობელ ფაქტზე, რომ ეს ყველაფერი მართულია გარე ძალების, გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოში. გვახსოვს, თუ როგორი წნეხი იყო საქართველოზე, რომ ჩართულიყო ჩვენი ქვეყანა ომში. მაშინ ძალიან ცოტას გაახსენდა, რომ 2008 წელს, როცა ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, დასავლეთი მხოლოდ შეშფოთებით და აღშფოთებით შემოიფარგლა.

ჩვენ ეს ძალიან კარგად გვახსოვდა და მეორეც, ვფლობდით ინფორმაციას, რომ ხდებოდა საქართველოს მეორე ფრონტში ჩართვა და ქვეყნის გაწირვა ასეთი ტიპის დასასრულისათვის. წარმოიდგინეთ, მაშინ რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა უკრაინას და რამხელა აჟიოტაჟი იყო ატეხილი საერთაშორისო პრესაში, იგივე ჩვენი საზოგადოება ავიღოთ – ყველგან იყო დროშები გამოფენილი, იყო მოწოდებები ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის თაობაზე და საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ამ კუთხით.

ახლა კი, ამერიკის შეერთებული შტატების სენატი ავიღოთ, რომელიც ამბობდა, რომ ბოლომდე დავეხმარებით უკრაინას, მსჯელობს, მისცეს თუ არა მას დახმარება, ანუ ფაქტობრივად პირდაპირ შეატოვა უკრაინა რუსეთს, რომელიც არ იღლება არც უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანების სიცოცხლის მოსპობით.

აი, ამ ყველაფრისკენ მოგვიწოდებდნენ ჩვენ გარე ძალები. ახლა სად არიან ის ადამიანები, რომლებიც გვამუნათებდნენ, სად არიან, რატომ არ აღარ ცდილობენ, რომ უკრაინის მიმართ თუნდაც ამერიკას მოუწოდონ სოლიდარობისკენ და რატომ შეატოვეს რუსეთს? ახლა აღარ არის რუსეთი ოკუპანტი, თუ არ იღვრება სისხლი?“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება