ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხებში აცხადებს, რომ სანქციები „არ არის წამალი“ და მათზე გვერდის ავლა ყოველთვის იქნება შესაძლებელი, თუმცა, მათ „მნიშვნელოვანი გავლენა“ აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე

დასავლეთის სანქციებს „მნიშვნელოვანი გავლენა“ აქვს რუსეთის ეკონომიკაზე, – განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში, დევიდ ო’სალივანმა, მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავამდე.

ო’სალივანი Guardian-თან ინტერვიუში ამბობს, რომ სანქციები „არ არის წამალი“ და მათზე გვერდის ავლა ყოველთვის იქნება შესაძლებელი, თუმცა, ამტკიცებს, რომ ოთხი წლის შემდეგ დარწმუნებულია, რომ სანქციებს ეფექტი აქვს.

„მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, რომ სანქციებმა მართლაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე“, – განუცხადა მან Guardian-ს.

ო’სალივანის თქმით, ომზე დაფუძნებული ეკონომიკა შესაძლოა „არამდგრადი“ გახდეს.

„შესაძლოა, 2026 წლის განმავლობაში მივიდეთ იმ წერტილამდე, როდესაც მთელი ეს საკითხი არამდგრადი გახდება, რადგან რუსეთის ეკონომიკის დიდი ნაწილი იმდენად დამახინჯდა სამოქალაქო ეკონომიკის ხარჯზე ომის ეკონომიკის აშენებით. ვფიქრობ, ეკონომიკური გრავიტაციის კანონების უგულებელყოფა დიდხანს ვერ გაგრძელდება.“- აღნიშნა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

„ო’სალივანი ამ განცხადებებს აკეთებდა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე  რუსეთის მიერ რამდენიმე კვირის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური თავდასხმების შემდეგ  – მაშინ, როცა ქვეყანა ცივ ზამთარს უმკლავდება – კიევში ტემპერატურა ამ კვირაში -20°C-მდე დაეცა.

მისი თქმით, უკრაინელმა კოლეგებმა უთხრეს, რომ რუსეთმა გასულ თვეში 2025 წლის იანვართან შედარებით ორჯერ მეტი დრონისა და რაკეტის გაშვება შეძლო.

თუმცა, ვლადიმერ პუტინის საომარ მანქანას თავისი დანაკარგები მოჰყვა ფართო ეკონომიკისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, ომის პირველი დღეების შემდეგ ყველაზე დიდ ზეწოლას განიცდის. ნავთობის შემოსავლები მკვეთრად ეცემა, ინფლაცია დაახლოებით 6%-ია, ხოლო საპროცენტო განაკვეთები 16%-ია.“ – აღნიშნავს  Guardian-ი.

ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანი: არც ერთ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას არ აქვს ვალდებულება, დაიცვას ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში, დევიდ ო’სალივანმა, Guardian-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესახებ ისაუბრა.

ო’სალივანი, რომელსაც ევროკავშირის ინსტიტუტებში ოთხ ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვს, 2022 წლის დეკემბერში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა, მისი მოვალეობა კი სანქციებისთვის თავის არიდების და გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლაა.

დევიდ ო’სალივანმა, Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის „ძალიან ფრთხილად ადანაშაულებს ქვეყნებს“ ევროკავშირის მოთხოვნების შეუსრულებლობაში.

„მსოფლიოში არც ერთ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას არ აქვს ვალდებულება, დაიცვას ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები“. – განაცხადა მან.

ევროკავშირმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთს წინააღმდეგ უპრეცედენტო – სულ 19 სანქციათა პაკეტი დააწესა. სანქციები შეეხო 2 700-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს და მნიშვნელოვნად შეიზღუდა ვაჭრობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ავიაცია, IT, ფუფუნების და სამომხმარებლო საქონელი, ბრილიანტები და ოქრო.

ევროკავშირის მისიაა, დაარწმუნოს სხვა ქვეყნები, არ დაუშვან ევროპული საქონლის რუსეთში ხელახალი გაყიდვა, განსაკუთრებით იმ კომპონენტების, რომელთა გამოყენება ან ხელახლა გამოყენება შესაძლებელია სამხედრო მიზნებისთვის.

ო’სალივანის თქმით, ბლოკმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია „იარაღისთვის კრიტიკული პროდუქტების პირდაპირი რეექსპორტის აღკვეთაში“ ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთის, სერბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და „უფრო მცირე მასშტაბით“ მალაიზიის მეშვეობით. მისი თქმით, სანქციების გვერდის ავლა, უმეტესად „ეკონომიკური ოპერატორების მიერ ხდება, რომლებიც შესაძლებლობას ხედავენ და ფულს აკეთებენ“ და არ არის მთავრობების მიერ ორგანიზებული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება