fbpx

დღეს ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ომი, თორემ ქართველებს არასოდეს უჭირდათ ბრძოლაში შესვლა-ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, “ღამის კურიერის” ეთერში მმართველი გუნდის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ომში ჩართვის შესაძლებლობაზე პლებისციტის ჩატარებას ეხება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პლებისციტი მათი მხრიდან ცოტა ირონიული შეთავაზებაც კი იყო, რადგან საქართველოს მოსახლეობას ამ მოცემულობაში ომი არ უნდა. 

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ იმ საფრთხეებსა და მთავარ ფაქტორებზეც გაამახვილა ყურადღება, თუ რატომ არ უნდა ჩაერთოს საქართველო დღეს ომში და ისიც აღნიშნა, რომ სხვა სიტუაციაში, სადაც სამშობლოს და ქვეყანას სჭირდება, იქ ქართველი ხალხი ომშიც შევა და სამშობლოსაც დაიცავს:

“რეალურად ამ განცხადებაში იყო სარკაზმი და მცირე ირონიაც. ჩვენ ვიცით და ეს კვლევებითაც ჩანს, რომ საზოგადოება ომის წინააღმდეგია და ბევრი ამბობს, რომ ნებისმიერი საზოგადოება არის ომის მოწინააღმდეგე, თუმცა ეს ასე არ იქნება, შესაძლოა კონკრეტულ ვითარებაში საზოგადოება იყოს ომის მომხრე, გააჩნია რა სჭირდება ქვეყანას. მაგრამ, სწორედ იმის გამო, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ომი სხვადასხვა მიზეზის გათვალისწინებით, სწორედ ამიტომ არ უნდა ქართულ საზოგადოებას ომი, თორემ ქართველებს არასოდეს უჭირდათ ბრძოლაში შესვლა. 2008 წელს, მთელი საზოგადოება იყო ჩართული გულით ყველა პროცესში. 

ქართულ საზოგადოებას ამის პრობლემა არ აქვს და იმის მოტივაციაც აქვთ, რომ სადაც სამშობლოს და ქვეყანას სჭირდება, იქ ომშიც შევიდეს. ამიტომ, იმის თქმა, რომ ნებისმიერ საზოგადოებას ომი არ უნდა, შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის. თუ საჭიროა ომი, უნდა იომო. მაგრამ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ფაქტორები – ერთი ფაქტორი არის ის, რომ ყველაფერი უნდა ავწონოთ, მათ შორის რესურსების კუთხით, ასევე, რას მოუტანს ეს ომი საქართველოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ერთი ძალიან მგრძნობიარე საკითხია, რომელსაც საზოგადოებაც ითვალისწინებს – თეორიულად რომ დავუშვათ, რომ ჩვენ გვიწევს ომი ცხინვალში, აფხაზეთში – ასეთ დროს შენ ომში შედიხარ არამარტო რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან, რაც ჩვენ გამოვიარეთ 30 წლის წინ. ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ძმათა მკვლელი ომი, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.

ამიტომ, როდესაც საუბარი იყო პლებისციტზე, ამის უკან იდგა ის, რომ საზოგადოებას არ უნდა ომი სხვადსხვა მიზეზის გამო, მათ შორის, შესაძლო შედეგებისა და იმის გათვალისწინებით, რომ 30 წლის წინანდელის გამეორება არ გვინდა. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. როდესაც საუბარია დეოკუპაციაზე, აქ ღირებულებებიც მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ფასეულობა კი, ჩვენთვის უნდა იყოს იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელიც ხელოვნურად ჩაჭრეს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის. ამას უნდა გავუფრთხილდეთ და აქედან გამომდინარე, არ უნდა დავუშვათ არავითარი ომი, სადაც კიდევ ერთხელ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან იარაღით ხელში ქართველები და აფხაზები და ქართველები და ოსები. როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერში”. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება