fbpx

ანსამბლმა ,,იმერმა“ სამტრედიაში ქართული ხალხური ქორეოგრაფიის საგანძურის ნამდვილი ზეიმი მოაწყო

სამტრედიაში ანსამბლ “იმერის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.კონცერტზე გამოყენებული იყო ქართული ქორეოგრაფიის მწვერალად მიჩნეული ცეკვების დახვეწილი და გათანამედროვებული ელემენტები.

ანსამბლ ,,იმერის“ ხელმძღვანელი, სოსო შენგელია, ქორეოგრაფებთან მარი და ლანა შენგელიებთან ერთად, კლასიკური ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ერთ–ერთ გამორჩეულ დასაყრდენად ითვლება და ეს ,,იმერმა“ კონცერტით კიდევ ერთხელ დაადასტურა.

კონცერტი ცოცხალი მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. მუსიკოსთა და მომღერალთა გუნდის ჩართულობა ,,იმერში“ უკვე წლებია ტრადიციად იქცა.

დღევანდელ კონცერტს ესწრებოდა ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე იური ტორაძე, რომელმაც ანსამბლის მიღწევებზე, მოცეკვავეთა ნიჭიერებაზე და ზოგადად, ქართული ცეკვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სოსო შენგელია–,,უღრმესი მადლობა ჩემს ქალაქს, ,,იმერის“ ყველა გულშემატკივარს, ჩემს უნიწიერეს ბავშვებს და მათ ოჯახებს. ჩვენ ამ ქალაქის ისტორიას აგურ–აგურ ვაშენებთ და მეამაყება, რომ ამაში ჩვენი წვლილი დევს.“

კონცერტს ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. მან დიდი მადლობა გადაუხადა ანსამბლს და აღნიშნა, რომ ,,მიუხედავად ქალაქში არსებული რამდენიმე ქორეოგრაფიული ანსამბლისა, კონკურენცია არის ჯანსაღი. ვამაყობ, რომ სამტრედიას ასეთი ნიჭიერი მომავალი თაობა ეზრდება. გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ დიდ წარმატებებს.“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება