fbpx

დღევანდელი მთავრობის სხდომა ვერ იქნება ჩვეულებრივი ფორმატის-კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადება

დღევანდელი მთავრობის სხდომა ვერ იქნება ჩვეულებრივი ფორმატის. 13
ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულიად შეცვალა, არათუ დედაქალაქის
მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი.
მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო პატარა გმირის – მარიტას ოჯახს,
მივუსამძიმრო მის ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, თბილისს, სრულიად
საქართველოს. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას!
რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს? ამ კითხვას პირველ რიგში, გამოძიებამ უნდა
უპასუხოს, რომელთანაც მთელი ჩვენი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს.
დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის, მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს არანაირი
უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი
და თანასწორია. კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად
მკაცრი ვინმეს მიმართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე პირადადაც, მზად ვარ, თუ
ჩემი, თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო
პასუხი კანონის წინაშე.
ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც,
მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა
შეუძლია.
იმედი მაქვს, სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი
კითხვები.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტრაგედიის დღიდან დაწყებული, მოსახლეობა
ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული
პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ამხელა ტრაგედიაც კი საკუთარი
პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი და
მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს.
რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული
თანამშრომლის – დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ, ჩემ მიერ პატარა ლაზარეს


მონახულებამ გამოიწვია, ეს, მეგობრებო, ჩემი ვალია, ჩემი ვალდებულებაა,
არამხოლოდ როგორც ქალაქის მერის, არამედ, პირველ რიგში, როგორც ადამიანის,
როგორც კაცის, როგორც ოთხი შვილის მამის. კი, მე მოვინახულე, შევხვდი ამ
ადამიანებს და კიდევ მოვინახულებ; მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ
და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა; აუცილებლად შევხვდები მეგი
ბანცაძეს, რომელმაც ლაზარე გადაარჩინა და მადლობას გადავუხდი; მადლობას
გადავუხდი ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა – თითოეულ
ექიმს, ექთანს, ყველა ადამიანს.
აქვე, ბოდიშს ვუხდი ანდრიას, რომ გუშინ ვერ შევძელი მისი ნახვა და ამ დღეებში
მასაც აუცილებლად ვესტუმრები.
ახლა კი, მინდა, დავავალო მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას,
სამსახურებს, გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, განახორციელონ
ქალაქის მასშტაბით ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულ
ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზაც თავის დროზე
გაკეთებული აქვს შპს „მშენექსპერტს“. ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც
გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება.
სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და დღეს ერთადერთი, რაც
თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა
აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია.
თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული. ამას მარიტას ხსოვნაც
გვავალდებულებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება